ვიქტორ ეროფეევი (რუსეთი)

მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი. დაიბადა მოსკოვში 1947 წელს. 1992 წელს მიღებული აქვს ნაბოკოვის პრემია. 2006 წელს გახდა „ხელოვნებისა და სიტყვის ფრანგული ორდენის“, ხოლო 2013 წელს - საფრანგეთის „ღირსების ორდენის“ წევრი. ვიქტორ ეროფეევის რედაქტორობით გამოიცა უმნიშვნელოვანესი ნარკვევი რუსული ლიტერატურის შესახებ „The Penguin Book of New Russian Writing“. არის ავტორი წიგნებისა: „ცხოვრება იდიოტთან“ (1980), „რუსი ლამაზმანი“ (1982), „რუსული სულის ენციკლოპედია“ (1999), „კარგი სტალინი“ (2004) და სხვა. წლების განმავლობაში ლიტერატურულ არხ “კულტურაზე” მიჰყავდა გადაცემა “აპოკრიფი”. 

 

კარგი სტალინი

(ფრაგმენტი რომანიდან)

1
ბოლოს და ბოლოს, მე მამა მოვკალი. ლენინის მთებზე, მოსკოვის უნივერსიტეტის კოშკის ლურჯ ციფერბლატზე ცალფა ოქროს ისარი ცელსიუსით მინუს ორმოც გრადუსს აჩვენებდა. მანქანები არ იქოქებოდა. ჩიტებს ფრენის ეშინოდათ. ყინვისაგან გაშეშებული ქალაქი თითქოს ადამიანებისგან შემდგარი ლაბა იყო. დილით, სააბაზანოს ოვალურ სარკეში აღმოვაჩინე, რომ საფეთქლებზე თმა ერთ ღამეში გამჭაღარავებოდა. ოცდამეთორმეტეში ვიყავი. ეს იყო ყველაზე ცივი იანვარი ჩემს ცხოვრებაში.
მამა, რა თქმა უნდა, დღემდე ცოცხალია და უქმე დღეებში უკვე კარგა ხანია ჩოგბურთის სათამაშოდაც დადის. თუმცა ძალიან მოხუცდა, აგარაკზე ჯერ კიდევ თვითონ თიბავს ელექტროსათიბით ბალახს ჰორტენზიებსა და ვარდის ბუჩქებს შორის, მის საყვარელ ხურტკმელის ფანჩატურში. ძველებურად დაჰყავს მანქანა, ჯიუტად არ იკეთებს სათვალეს, რის გამოც დედაჩემი ძალიან ბრაზობს, ხოლო ქვეითებს შიშით გული უსკდებათ. განმარტოვდება აგარაკის მეორე სართულზე თავის კაბინეტში, რომლის ფანჯრებს მაღალი მუხის ტოტები ეხახუნება, დიდხანს, ნელ-ნელა ბეჭდავს რაღაცას საბეჭდ მანქანაზე და თავის შთამბეჭდავ ღიპს ეფერება (შეიძლება, მოგონებების წიგნს წერს). მაგრამ ეს ყველაფერი წვრილმანია. მე ჩავიდინე არა ფიზიკური, არამედ პოლიტიკური მკვლელობა - ჩემი ქვეყნის კანონების მიხედვით, ეს ნამდვილი მკვლელობა იყო.

რუსულიდან თარგმნა ანზორ ანჟანდაძემ