ბარბარა პოგაჩნიკი (სლოვენია)

პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსი. დაიბადა 1973 წელს. ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ბელგიაში და სორბონის უნივერსიტეტში, პარიზში, სწავლობდა რომანულ ლინგვისტიკას და ლიტერატურას. ავტორია ოთხი პოეტური კრებულის: “მოზღვავება” (2007. ნომინირებული იყო „საუკეთესო სადებიუტო წიგნის“ პრემიაზე), „ქაღალდის ფურცლები ბრბოში იკარგება“ (2008), „სახლის ცისფერი“ (2013) და „ალისა პალტოების ქვეყანაში“ (2016). მისი ლექსები ნათარგმნია 30 ენაზე, ხოლო ცალკე კრებულები გამოცემულია ფრანგულ, ესპანურ და რუმინულ ენებზე. მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში. თარგმნის ფრანგულიდან, ინგლისურიდან, იტალიურიდან, სერბულიდან, ხორვატულიდან და ესპანურიდან. ნათარგმნი აქვს 150-მდე პოეტის ლექსები. არის სლოვენიის პენ- ცენტრის და მწერალთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, 2001 წლიდან არის მთავარი სლოვენიური ლიტერატურული გამოცემის. „ლიტერატურა“-ს სარედაქციო საბჭოს წევრი.

 

გოგრები მინდორში

ღამესთან არეული დილის ჭვარტლი.
მატარებელი ზაფხულის გადამწვარი მინდვრებიდან კივილით მოჰქრის.
სიმშვიდით სავსე გოგრები ჰორიზონტზე გაწითლებული მზის ქვეშ წვანან.
თაღებქვეშ, თავგადახდილ ცისფერ მანქანაში,
მერყევი ანგელოზებივით ვსაუბრობთ ჩვენ.
მსუბუქი სიო ნაღებივით ათქვეფილ ღრუბლებს ერეკება ჩვენს თითებს შორის. ვარსკვლავები თავზე გვაბიჯებენ,
როცა არგუმენტების უხეშ საწოლზე ვწვებით.
ღამე თაღებქვეშ შავ ფაფარს იბერტყავს და გზას მიუყვება.
ლუბლიანის ქუჩებში ფასადებიდან პატარა ქვის ვაშლებს ვჭამ
და ქარი ანგელოზის ცრემლებს ისე იტაცებს, თითქოს ქვიშის მარცვლები ყოფილიყოს, და გასაყიდად სუპერმარკეტებში მიაქროლებს.
ზღვა დუდუნებს შენი შიშველი წელის ირგვლივ,
რომელიც მას მხოლოდ სიტყვებით აძლევს უფლებას, მოეხვიოს.
გოგრები მინდორში წვანან.
ზაფხულმა თავისი ნაყოფი მშვიდ სუფრებზე დატოვა,
მოკრძალებული ორმოები დროის სქელი ჯავშნის ქვეშ ჩამალა.
მზე ხელით წვდება ტყეს,
მატარებელი წამით გვერდით იხედება, ლიანდაგებს იქით.

თარგმნა დალილა გოგიამ