ბარბარა კლიცკა (პოლონეთი)

დაიბადა პლოცკში 1981 წელს. პირველი პოეტური კრებული 2000 წელს მშობლიურ ქალაქში გამოსცა. ამჟამად ცხოვრობს ვარშავაში. მუშაობდა რედაქტორად ყოველკვარტლური ებრაული ლიტერატურული გამოცემისთვის „Cwiszn“. ასევე იყო ბენდ „Pochwalone“-ის წევრი და ალბომ „Czarny war“-ში შემავალი სიმღერების თანაავტორი. მისი მეორე პოეტური კრებული „იგივე იგივე“ (2012) პირველის გამოსვლიდან მხოლოდ 12 წლის შემდეგ გამოიცა. კრებულმა 2013 წელს ვროცლავის „სილესიუსის“ პოეზიის პრემიის ნომინაცია დაიმსახურა კატეგორიაში „წლის წიგნი“. პოეტი ვროცლავის „Biuro Literackie“-ის მიწვევით მონაწილეობდა მისი თაობისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე პროექტში „Odsiecz“ (შვება). 2015 წელს ბარბარამ მორიგი პოეტური კრებული „კარგი“ გამოსცა, რომელმაც მას 2016 წლის „სილესიუსის“ პოეზიის პრემია და ძალიან პრესტიჟული „გდინიის ლიტერატურული ჯილდო“ მოუტანა. 

ამოვსება

ჩვენ წაგვიღებს დროებს შორის.

სიზმარში ტყავი და ბანკეტი _ ზურგში სიმი ხმას არ ძრავდა, ასფალტი ჯერ

არ გამშრალიყო, ნამცხვარი თითებს ეწებებოდა, ხოლო ნიკაპს _ შაქარყინული.

მოშიშვლებული გქონდა მკერდი და მიღებაზე ენა გებმოდა.

შენ ცეკვავდი, შუადღეებს ოჯახს უთმობდი. ეს მიძღვნაა და არა ცეკვა _ ვინც ეს

არ იცის, კვდება ან წვალობს. ვერხვის ისრები თქვენს გულებში, ონკანის ქვეშ

თქვენი თავები, ნიკაპები მუხლისთავებზე. რა მოხდებოდა

 

თუ შეძლებდი მეტის დანახვას, უფრო მკაფიო თუ იქნებოდა? ხოლო შემდეგ
_

შეტოპვა და პარკში შესვლა, მოღრუბლული შუადღეები, სხვის თარგებზე

მშვიდობის ქარგვა, მაგალითები და ფილტვების ამოვსება სიცარიელით. სწორედ

ამიტომ

უფრო მჭიდროდ ამოავსე დროებს შორის საძრომები, რომ არ წაგიღოს.

 და თუ წაგიღო, ჩაიძირე.

თარგმნა ზვიად რატიანმა