მწერალი და მთარგმნელი რონ ვინკლერი დაიბადა იენაში 1973 წელს. ამჟამად ცხოვრობს ბერლინში. სწავლობდა გერმანულ ენასა და ისტორიას. სწავლის პარალელურად დააარსა პოეტური ჟურნალი „intendenzen“, რომელსაც ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა. იყო სარეზიდენციო პროგრამების მონაწილე არგენტინაში, იტალიაში, შვედეთში, ირლანდიასა და უკრაინაში. მისი ლექსები 25-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. „ტერიტორიების საფოსტო ბარათები“ რონ ვინკლერის ბოლო პოეტური კრებულია. პოეზიის გარდა ვინკლერი წერს მინიატურულ მოთხრობებს (ფლეშ-ფიქციებს). არის შვიდი პოეტური ანთოლოგიის რედაქტორი და ინგლისურიდან თარგმნილი აქვს არაერთი პოეტური კრებული. მისი რჩეული ლექსები გამოცემულია დიდ ბრიტანეთში, უკრაინასა და მექსიკაში.
ღამეები ყოვლისმომცველ მედიუმში
ჯეფრი მაკდენიელს
როცა ვერ ვიძინებთ, ჩვენ ვითვლით მაშველებს,
იმ სასწრაფო დახმარების მანქანას რომ ჩაუქროლებენ,
რომელშიც ჩვენ ვართ.
როცა ვერ ვიძინებთ, ჩვენ ვანათებთ, თითქოს
სიბნელე იყოს სინათლე.
როცა ვერ ვიძინებთ, ვითვლით იმათ,
ვინც ვერ იძინებს.
როცა ვერ ვიძინებთ, ვდგებით, რათა
ამ მდგომარეობას შევძინოთ კულტურული ელფერი -
მსგავსი ჩაცვენილთვალება ჰაიდეგერიზმისა.
როცა ვერ ვიძინებთ, ვუთვალთვალებთ, როგორ კითხულობს
ჩვენი მთქნარებაატეხილი სხეულების მთქნარებამორეული ადგილობრივი პოლიცია მთქნარებამდე საინტერესო წესდებებსა და ბრძანებულებებს.
როცა ვერ ვიძინებთ, გამოთქმით ვკითხულობთ
დაზეპირებული ორი-სამი ლექსის
ორ-სამ-ოთხ სტრიქონს.
როცა ვერ ვიძინებთ, ჩვენ ვართ პედლებიანი პატარა ნავი პოტიომკინი.
გერმანულიდან თარგმნა მაია ლიპარტელიანმა