პოეტი და პერფორმერი. დაიბადა 1973 წელს, სან-პაულოში, ამჟამად ცხოვრობს ლისაბონში. აქვს თეატრში მუშაობის გამოცდილება. მისი შესრულება აერთიანებს სიტყვას, სიმღერას და ხმოვან ეფექტებს . მიღებული აქვს მონაწილეობა მსოფლიოს მრავალ ფესტივალში. 2014 წელს „პოეტური სლემის“ პორტუგალიელ ჩემპიონად აღიარეს, იმავე წელს გამოუშვა თავისი პირველი სინგლი - UMHOMEMDORMINDO. მისი ლექსები შესულია კრებულებში „3,2,1 სლემი!“ (პორტუგალია), “ხალხის პოეტები“ (პორტუგალია), „ლატექსო ბიტი“ (ესპანეთი). მისი ლექსები თარგმნილია ესპანურ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ, ესტონურ და ფინურ ენებზე. ნილსონ მუნისი პოეტური პერფორმანსებით სცენაზე საკუთარ თავს წარადგენს, როგორც ცოცხალ წიგნს.
დასაწყისისთვის, უბრალოდ, ასე
დასაწყისისთვის, უბრალოდ, ასე:
ჭიტლაყისთვის ემზადება ჩემი ტერფი,
ნაბიჯს ვდგამ წრეში,
მზად ვარ, შევმართო თითისწვერები,
მზად ვიყო ახალი ნაბიჯებისთვის,
ახალ ყოფილ დარბაზებში
ძველ ამბებს ვიხდი,
ვიცვლი კანს და
ზიზღს ვიშორებ, სულს ვუბერავ ქვიშის მარცვლებს,
ნაბიჯს ვდგამ და კვლავ იმავე ადგილზე ვრჩები,
თვალს ვაპაჭუნებ და აი, ვიწყებ:
ვრჩები, მივდივარ,
ვთევზაობ, ვიჭერ,
ადვილი არაა,
სარისკოცაა:
გველივით ვკბენ საკუთარ თავს.
ვინ გარისკავს, ფეხს ვინ მოიქნევს?
ალბათ ისევ მე...
პორტუგალიურიდან თარგმნა გურანდა ფაჩულიამ