ანდრეი ხადანოვიჩი (ბელარუსი)

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბელარუსი პოეტი. დაიბადა 1973 წელს. ასწავლის
მსოფლიო ლიტერატურას ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უძღვება
ბელარუსული კოლეგიის მთარგმნელობით ვორქშოპს. გამოცემული აქვს 10 პოეტური
კრებული. მისი ლექსები თარგმნილია 15 ენაზე, მათ შორის რუსულ, პოლონურ,
გერმანულ, უკრაინულ, ლიტვურ, ლატვიურ და სლოვაკურ ენებზე. ბელარუსის
სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის კლასიკურ ფრანგულ ლიტერატურას. თარგმნის
ფრანგული, უკრაინული და პოლონური ენებიდან. ნათარგმნი აქვს თანამედროვე
ქართველი პოეტების ლექსებიც. 2008-2017 წლებში იყო ბელარუსის პენ-ცენტრის
თავმჯდომარე.
 
პოსტიმპრესიონიზმი
 
პატარა ვარ,
ვცდილობ ბებოს ქურაზე ავძვრე -
და ხელები სულ ბოლომდე მეძირება
ბებოს მიერ მოხალული
მზესუმზირის
დიდ და შავ ზღვაში.
მზესუმზირა მაშინდელ დროში
საოცრად სწრაფად იხალებოდა,
მეგობარი გოგონები
მის კნატუნს
ჩემს თვალწინ იწყებდნენ
და ჩენჩო
ტუჩებზე ეწებებოდათ,
რაც კოცნის სურვილს
ოდნავაც კი არ სპობდა ჩემში.
და მე ფრთხილად
ვაცილებდი მათ ამ ჩენჩოებს,
რადგან ვგრძნობდი,
თუ არასწორად შევეხებოდი,
მერე აღარც კი გამიკარებდნენ,
არადა, ქურაზე კიდევ რამდენი
მზესუმზირა იხალებოდა!
მას მერეა, რომ
მზესუმზირაში ვან გოგივით
კარგად ვერკვევი,
გოგრის თესლში კი
მასზე უკეთაც.
 
თარგმნა შოთა იათაშვილმა