მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი. დაიბადა 1949 წელს. ვენის უნივერსიტეტში სწავლობდა ეთნოლოგიას, ხელოვნებას და სოციოლოგიას, 2003 წლიდან არის ვენის უნივერსიტეტის ეთნოლოგიის, კულტურისა და სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ლექტორი. 2011 წლიდან ავსტრიის პენ-კლუბის პრეზიდენტია. არის ავსტრიაში არაერთი წარმატებული საგამომცემლო სერიის ინიციატორი და ხელმძღვანელი, უამრავი საერთაშორისო ლიტერატურული პროექტის თანაავტორი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ჰინდიზე, ჩინურ, ინგლისურ, პოლონურ, რუმინულ და სხვა ენებზე.
თამაშის მცირედი თავისუფლება
ხედავდე ზებრას
ზებრა რომ არ არის
ხედავდე ჟირაფს
რომელიც ჟირაფი არ არის
და ლომსაც ხედავდე
თვითონ რომ არ არის
როგორც თავად ისინი
ვინც თვითონ არ არიან
თავის თავს არასდროს არავინ ჰგავს
როგორც ზებრა არ ჰგავს თავის თავს
და არც ჟირაფი ჰგავს
და არ ლომი ჰგავს
უმალ ზებრაა
ლომი
რაც დაუშვებელია
შიდაპირი
გარეთ როდია მიქცეული
და არც გარეპირია
ამ ყველაფრით შეურყვნელი
ეს თამაშის მცირედი თავისუფლებაა
ეს თამაში არავის აწუხებს
შეგიძლია თითები
კლავიატურაზე ასრიალო
ხოლო ამ დროს ფარულად იფიქრო
რომ მასში - არა ღიად გამოთქმულში -
ეჭვს დაქვემდებარებულში
რაღაც ისეთი იმალება
რაც - ერთობ ფრთხილად -
შეიძლება განიმარტოს
როგორც იმედის ნიშანი
გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ