მილო დე ანჯელისი (იტალია)

პოეტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, პედაგოგი. დაიბადა 1951 წელს მილანში, სადაც ცხოვრობს და ოც წელზე მეტია ასწავლის მკაცრი რეჟიმის ციხეში. 1976 წელს პირველი პოეტური კრებულის, “მსგავსებანის” (1976) გამოსვლისთანავე თანამედროვე იტალიური პოეზიის ლიდერად შერაცხეს და უკვე ორმოცი წელია აღიარებულია ერთ-ერთ უპირველეს პოეტად. სამწერლო ასპარეზზე 70-იან წლებში გამოვიდა და დაუპირისპირდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ლიტერატურულ მიმდინარეობას, „ჯგუფ 63“-ს. 1977 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ლიტერატურული ჟურნალი “ნიებო”, რომელიც იტალიური პოეზიის “ნეოავანგარდისტული თრობის” შემდეგ მიზნად ისახავდა სიმბოლიზმისა და რომანტიზმის ტრადიციებთან ერთგვარ მიბრუნებას. ფრანგულიდან თარგმნა რასინის, მეტერლინკის, ბოდლერის, ბლანშოს ნაწარმოებები, ხოლო ბერძნულიდან და ლათინურიდან კლასიკოსი ავტორები. მინიჭებული აქვს არაერთი პრესტიჟული პრემია, მათ შორის, ვიარეჯოს, მონდელოს, სან პელეგრინოს, კატაფის, ლერიჩის და სხვ. 2017 წელს გამოიცა მისი რჩეული, რომელშიც შესულია 1969-2015 წლებში დაწერილი ლექსები. 

 

***

უკვე

საგრძნობლად

გვიანია. ცხოვრება თავის

უჩინარი დასაყრდენით შფოთით ტორტმანებს ქუჩებში 

და ფიქრობს თვითონ დაპირებულ სიყვარულზეც კი...

ნეტავ ჩემგან რას ელოდება? სად ძგერს გული

დაკარგულთა? ნუთუ ეს არის

იდუმალი გზასავალი ყველა სულდგმულის?

სახლი შორდება საკუთარი ადგილის დედას,

ყველაფერი უკვე მინებდა დასასრულის სიაშკარავეს,

გასხლტა ყოველი...

მაგრამ რაღაცა,

ის, რაც დარჩა ყელში გაჩრილი,

სიტყვის დვრიტა -

აი, ეს არის.

   თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ