პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურის კრიტიკოსი. დაიბადა 1975 წელს. არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი და ასწავლის ამერიკულ ლიტერატურას, ლიტერატურის თეორიას და ინგლისურ ენას ვარშავის უნივერსიტეტში. ნათარგმნი აქვს ჯონ ეშბერის, უოლეს სტივენსის და სხვათა პოეზია. მისმა სადებიუტო კრებულმა „ნოემბერი ნარვაზე“ მიიღო პოლონეთის გამომცემელთა ასოციაციის პრემია. ის არის ასევე ავსტრიული პრემია „ჰუბერტ ბურდა“-ს ლაურეატი წიგნისთვის „ბიო“ (2005). 2015 წელს ხერარდო ბელტრანთან ერთად პოლონურ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოსცა ესე „ეკოპოეტიკა“, რომელიც ეხება ეკოლოგიურ თემებს თანამედროვე პოლონურ, გერმანულ, ამერიკულ და მექსიკურ პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ, შვედურ, რუსულ, იაპონურ და სხვა ენებზე. თავად იულია ფიედორჩუკი ასე განმარტავს პოეზიის მისეულ ხედვას: „ჩემთვის იდეალურია ის პოეზია, რომელიც საუბარს აბამს მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან (მაგალითად, ბიოლოგიასთან), პოეზია, რომელიც სტუმართმოყვარეა, გახსნილია სხვადასხვა არსთა და ემოციათა მიმართ.“
XXXI ფსალმუნი
რ.კ.-ს
ფანჯრის რაფაზე დაჯდა წივწივა - გზავნილი,
ნისლის ნაჩურჩულევი. ოქტომბერი ნოემბერში
გადადიოდა. გადადიოდა მუხებზე, თხმელებზე, არყის ხეებზე,
ყინვაგამძლე ყვავილებზე სასაფლაოთა,
სადაც არ წერდნენ მოგონებებს ჩვენი მამები, სადაც ისინი
ვერ იცნობდნენ ჩვენს შვილებს და ვერც ჩვენს ლექსებს ვერ გაიგებდნენ
და ჩვენც ასევე ვერ გაგვიგებდნენ. ტელევიზორი აჩვენებდა
იმ პოლონეთს, რომელიც მოკვდა, ხოლო მერე აღარ მოკვდა,
მერე ისევ მოკვდა, ბოლოს კი - არა, შემდეგ კი
მზემ ხის ტოტების არშიები ააალა, და იმავ წამს
ცაში ისე გაქრა წივწივა, ვერც მოვასწარი მეთქვა მისთვის:
არ დამივიწყო, დამიმახსოვრე...
თარგმნა შოთა იათაშვილმა