იოლანდა კასტანიო (ესპანეთი)

ფილოლოგიის დოქტორი და აუდიოვიზუალური ხელოვნების სპეციალისტი. მრავალი მულტიკულტურული პროექტის ავტორი. 2009 წლიდან მოყოლებული აქტიური წევრი და ხელმძღვანელია პროექტებისა, სადაც ჩართული არიან გალისიელი და სხვადასხვა ქვეყნის პოეტები. გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული, მათი ბილინგვური (გალისიურ-ესპანური) ვერსიები ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში, საბავშვო პოეზიის ხუთი წიგნი, ნათარგმნი აქვს რამდენიმე წიგნი (ხშირად თარგმნის აღმოსავლეთ ევროპელ ავტორებს). მიღებული აქვს ესპანური კრიტიკის პრიზი (1999), პრიზი „სპირალი“ (2007), პრიზი „კრიტიკული თვალი“ (2009), პრიზი ნოვაკაიშაგალისიას ფონდისაგან. „2015 წლის ავტორი“ გალისიურ წიგნის მაღაზიებში, პოეზიის ეროვნული პრიზის ფინალისტი და სხვა. წლების განმავლობაში მუშაობდა ტელევიზიაში (2005 წლის საუკეთესო ტელეწამყვანის პრიზი). მრავალი საერთაშორისო პოეტური ფესტივალის მონაწილე. თარგმნილია 20-ზე მეტ ენაზე.

 

ტოლსტოის ბაღის ვაშლები

მე,
რომელმაც ნერეტვას ნაპირები მანქანით შემოვიარე,
რომელმაც კოპენჰაგენის ნამიან ქუჩებში ველოსიპედით ვიყიალე.
მე, რომელმაც საკუთარი ხელებით მოვზომე ნატყვიარები სარაევოში,
რომელმაც გადავლახე, საჭესთან მჯდომმა, სლოვენიის საზღვარი
და გადავუფრინე პატარა თვითმფრინავით ბეტანსოს მდინარეს.
მე, რომელიც ხომალდს გავყევი ირლანდიის ნაპირებამდე,
და ომეტეპეტის კუნძულამდე, ნიკარაგუის დიდ ტბაში;
მე, რომელიც არასდროს დავივიწყებ ერთ მაღაზიას ბუდაპეშტში,
არც ბამბის მინდვრებს თესალიის პროვინციაში,
და არც იმ ღამეს სასტუმროში, ნიცაში, 17 წლის რომ ვიყავი.
ჩემი მეხსიერება ტერფებს დაისველებს იურმალას სანაპიროზე, ლატვიაში
და სიქსთ ავენიუზე თავს შეიგრძნობს, როგორც სახლში.
მე,
რომელიც შეიძლება მოვმკვდარიყავი ტაქსით მგზავრობისას ლიმაში, 
რომელმაც გადავსერე პაკრუიის მბზინვარე მინდვრების სიყვითლე 
და გადავჭერი იგივე ქუჩა ატლანტაში რომელიც მარგარეტ მიჩელმა.
ჩემი ნაფეხურები ელაფონისის ვარდისფერ ქვიშას დაემჩნნენ,
გადაკვეთეს ბრუკლინის კუთხე, კარლოსის ხიდი, ლე ვილი.
მე, რომელმაც უდაბნო გადავლახე, რათა მივსულიყავი ეს-სუვერიაში,
რომელიც მთებიდან ბაგირით ჩამოვსრიალდი მომბაჩოში,
რომელსაც არ დამავიწყდება ქუჩაში გატარებული ღამე ამსტერდამის ცის ქვეშ,
არც ოსტროგის მონასტერი, არც მეტეორას სალი კლდეები.
მე, რომელიც სახელს გავყვიროდი გენტის მოედანზე,
რომელმაც ჩავყვინთე ბოსფორის ზღვაში დანაპირებით შემოსილმა,
რომელმაც სამუდამოდ დავკარგე თავი აუშვიცის იმ საღამოს შემდეგ.
მე,
რომელმაც დასავლეთისკენ ვატარე მანქანა პოდგორიცას სიახლოვემდე,
რომელმაც თოვლის სკუტერით მოვიარე ყინულოვანი ვატნაიაკული,
მე, რომელიც არასდროს არ ყოფილა ისეთი მარტო, როგორც რუ სან დენიში,
რომელიც არასდროს იგემებს ისეთ ყურძენს, როგორიც კორინტოზეა. 
მე, რომელმაც ერთ დღეს
ტოლსტოის ბაღის ვაშლები დავკრიფე,
მინდა რომ დავბრუნდე სახლში:
ა კორუნიას
ჩემს საყვარელ
თავშესაფარში

რომელიც შენ ხარ.

ესპანურიდან თარგმნა ირაკლი მენთეშაშვილმა