ნაბილ აბუ ზურკათეინი (ეგვიპტე)

ნაბილ აბუ ზურკათეინი დაიბადა 1956 წელს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ზემო ეგვიპტის (საყიდის) ერთ პატარა სოფელში. თითქმის ყველა მთავარ არაბულ ქვეყანაში გამოცემული აქვს ლექსების მრავალი კრებული, რომელიც დადებითად შეაფასა არაბულმა სალიტერატურო კრიტიკამ. ამ კრებულებიდან აღსანიშნავია: ,,ზღვა ჰალსტუხს არ იკეთებს“ (ლიბანი. 2016), ,,ბრმა ნაყოფი: ხე პირველია, რომელმაც დაინახა“ (ლიბანი, ბეირუთი. 2016) ,,სიკვდილთან მე არაფერი მესაქმება“ (ლიბანი. 2001), ,,ამ სხეულის სურათხატები“ (ლიბანი. 1998), ,,მასშია დასასრული“ (ლიბანი. 1995), ,,ბრმა ხის ფრთები“ (არაბთა გაერთიანებული საემიროები. 1993), ,,და ღამის დასასრულიც“ (ეგვიპტე. 1993), ,,ცეკვა სუდარაზე“ (ეგვიპტე. 1993).

არაბულ სამყაროში მის აღიარებას მოწმობს ისიც, რომ ნაბილ აბუ ზურკათეინი მონაწილეობდა თითქმის ყველა არაბული ქვეყნის ლიტერატურულ ფესტივალში, დღემდე მას უმართავენ საგანგებო პოეტურ საღამოებს.

 

სანთელი

ღამემ არ იცის,
რომ ღამეა
და მხოლოდ მაშინ,
როდესაც
ვტოვებ მას მარტო და
ვარდის წინ ვდგები, ყველაფერი მარტო რჩება
და ღმერთიც მარტო
თესავს ჩვენი სხეულის ნაწილთ აშკარა ნაყოფიერებაში.

ეგებ, სანთლის შუქს
არასოდეს უფიქრია საკუთარ თავზე, თუნდ ერთხელ მაინც...

არაბულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ