ჰასმიკ სიმონიანი (სომხეთი)

სომეხი მწერალი. დაიბადა 1987 წელს ერევანში. სწავლობდა პედაგოგიკას და ჟურნალისტიკას ერევანში, პირველი პოეტური კრებული „მძინარე მოსიარულეს სიტყვები“ გამოსცა 2005 წელს, ხოლო მეორე poems Scatter rooms - 2010 წელს. 2007 წლიდან არის სომხეთის მწერალთა კავშირის წევრი. მონაწილეობას იღებს ისეთ ლიტერატურულ ფესტივალებში, როგორებიცაა საფრანგეთის პოეტური ბიენალე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, კიევის ლიტერატურული ფესტივალი და სხვ. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია სომხეთში.
ჰასმიკ სიმონიანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, რუსულ, ინგლისურ, უკრაინულ, ესპანურ, სპარსულ, თურქულ, სერბულ და ქართულ ენებზე.
 
 
კადრი 4
 
ო, ღმერთო ჩემო,
ორსულად ვარ,
დავორსულდი რევოლუციით!
წავიდეთ, სატრფოვ,
წავაცალოთ ვარდნარს ყვავილი
და მოტოტმანე მხრებიდანაც მოვწყვიტოთ თავი,
ცარცით ან ნავთით გადავშალოთ გაბედულება,
იუმორი, სიცივე გულში...
რადგანაც ჩვენთან უნდა დარჩეს
ეს მარტოობა,
ამ უსიტყვობის მტანჯველი თოში.
ო, სატრფოვ, სატრფოვ,
ჩემო სატრფოვ!
ერთმანეთთან ვართ ისე ახლოს,
უმწეონი, უარაფრონი,
სიმამაცით და სიყვარულით სავსე გვაქვს გული -
და უკაცური კუნძულივით ოკეანის სიღრმეში ლპება...
ამ ოკეანეს თვალწარმტაცი სიმკაცრე შვენის,
შენი სხეულის, შენი გულის კუნძული ყვავის...
არავის უნდა უნაპირო სიმდიდრე შენი
როდესაც შენი საკუთარი არ გახლავს თავი....
და ყველაფერი მაშინ რთულდება,
როცა ხარ ქალი და არასდროს რომ არ სრულდები...
 
სომხურიდან თარგმნეს ასია დარბინიანმა და დიანა ანფიმიადიმ