იუჯინ ოსტაშევსკი (აშშ)

პოეტი. დაიბადა ლენინგრადში, მაშინდელ საბჭოთა კავშირში. 1979 წელს ოჯახთან ერთად ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად, ამჟამად კი ბერლინში ცხოვრობს. ოსტაშევსკის სამუშაო ენა ამერიკული ინგლისურია, რომელსაც თავის ტექსტებში ხმოვანი ეფექტების, კალამბურების და უცხო სიტყვების საშუალებით არღვევს. ოსტაშევსკი ასევე თარგმნის ლიტერატურულ ტექსტებს რუსულიდან ინგლისურად. მას შესწავლილი აქვს ობერიუ-ს (1920-30-იანი წლების ლენინგრადელი ავანგარდისტების ჯგუფი, რომელსაც უძღვებოდნენ ალექსანდრ ვვედენსკი და დანიილ ხარმსი) ისტორია და შემოქმედება, ისევე როგორც რუსული და საერთაშორისო ფუტურიზმის ისტორია. კომპოზიტორ ლუჩია რონჩეტისთვის დაწერილი მისი ლიბრეტოებით დადგმები შესრულდა იტალიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

ავტორს მიღებული აქვს მრავალი პრემია, მათ შორის: ქალაქ მიუნსტერის საერთაშორისო პოეზიის პრემია, ბერლინის DAAD-ის მწერალ-რეზიდენტის ჯილდო, „ალტა“-ს ეროვნული მთარგმნელობითი პრემია და სხვა).

 

მეკობრე რომელმაც არ იცის რას უდრის პი 

მეკობრე დაცურავს კარიბის ზღვაში, ჭიქაში უსხია მუსკადე:

ეჰ, სად ვიპოვი კაკადუს რომელიც მიმღერებს Yesterday-ს

ამ დროს შემოდის კაკადუ, ფილოსოფოსი სწავლული:

სიმღერა შემიძლია გიმღერო ბევრი, მაგრამ არ ვიმღერებ Yesterday-ს. 

მეკობრემ ჩაყვინთა ზღვაში, მოუსვა მკლავები მარდად და მძლავრად,

ვიდრე ტალღები არ აიზვირთა და ბეღელის ზომა არ გახდა.

ცრემლის ორი წვეთი დასცდა მეკობრეს, ვეღარ მოასწრო წვეთი მესამე

შენ უნდა იყო შავი ყორანი, ათენას ბიუსტს მხარზე დააჯდე.

მეკობრემ მოწია სიგარა, კიბო გაუჩნდა და მოკვდა უბედური,

ნაჯახი აიღეს, გაუპეს მკერდი და იქ აღმოაჩნდა გული.

გული. სიკვდილის მიზეზი ნამდვილად გახდა გული,

ზღვრამდე მივიდა მეხსიერების ორგანო მეტაფორული.

რად არ უმღერე მეკობრეს რაც გთხოვა, რად არ დაუმშვიდე სული.

შეხედე ახლა, კაკადუ წევს სისხლიანი და ლურჯი.

მეგობრობაზე მაღლა რატომღაც საკუთარ პრინციპებს აყენებ

ხვალ და ზეგ ნახავ, როგორ ინატრებ, გემღერა მისთვის Yesterday.

მაგ ფერად ბუმბულს გადაიშავებ, და მარად იჩხავლებ აღარასოდეს!

იქ, სადაც ბნელი წყვდიადი დაჰყურებს ციდან ცივ ჭაობებს.

როგორც პირველი რიგის და მეორე რიგის ლოგიკა

არის სხვადასხვაგვარად სრული და არასრული

ასევე, განსხვავება მეკობრესა და კაკადუს შორის

ყოველთვის დარჩება გასაკვირი.

 

 ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ