გონჩა ოზმენი (თურქეთი)

გონჩა ოზმენი დაიბადა ბურდურში, თურქეთში 1982 წელს. სწავლობდა ინგლისურ ენას და ლიტერატურას სტამბოლის უნივერსიტეტში, 2008 წელს მაგისტრის, 2016 წელს კი მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი პირველი ლექსი 1997 წელს დაიბეჭდა, 1999 წელს კი პოეტმა ალი რიზა ერთანის პოეზიის ჯილდო მიიღო. მისმა პირველმა პოეტურმა კრებულმა Kuytumda („ჩემს კუთხეში“, 2000) მიიღო ორჰონ მურატ არიბურნუს პოეზიის პრემია, 2003 წელს კი გონჩამ სტამბოლის უნივერსიტეტის ბერნა მორანის პრემია მიიღო.

მისი მეორე კრებული Belki Sessiz („შესაძლოა ჩუმად“) 2008 წელს გამოიცა ხოლო 2017 წელს მონიკა კარბემ გერმანულად თარგმნა. რჩეული ლექსები კრებული The Sea Within („შინაგანი ზღვა“) ინგლისურად ჯორჯ მესოს თარგმანით 2011 წელს გამოიცა

გონჩა არის ლიტერატურული ჟურნალის Çevrimdışı Istanbul ერთ-ერთი რედაქტორი და ბურსა ნილუფერის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალისა და ყოველწლიური ინგლისურენოვანი ჟურნალის „თურქული პოეზია დღეს“ (გამომცემლობა Red Hand Books) მრჩეველთა საბჭოს წევრი. იგი ასევე როდოსის „სამი ზღვის მწერლების“ და „მთარგმნელთა საბჭოს“ წევრია. 

მსხვრევა

სებასტიან რა შემიძლია გითხრა იმ თოვლზე ამ მთების კალთებს რომ შეჰფენია

შენ არ იღვიძებ ყოველ დილით ძვლებდამსხვრეული

როცა განძრევაც ყოველ ძალას აღემატება

შენ ვერასოდეს იმშობიარებ ჰოდა არც იცი

რას ნიშნავს როცა შუაზე სკდები როგორც საზამთრო ან ბროწეული

შენ ვერ შეიცნობ ამ ჯადოსნობას

როცა ბარგს კრეფ და ეხიზნები საკუთარ მუცელს

რომ ნამსხვრევებად იქცე იქვე

 

სებასტიან იყო დრო ჩემში მობინადრე წითელი მხეცი

განუწყვეტლივ ყმუოდა ღამით ორივეს გამო ორივეს გამო ორივეს გამო 

თუკი ორივეს ერთი კაცი შეგვიყვარდება ვარდი იხარებს ამ სიყვარულზე

მოდი მოვახტეთ ლურჯ ავტობუსებს წავიდეთ სადმე და გავილაღოთ

მოდი ვუსმინოთ ტკივილის ჰანგებს მოდი მათ ნაყოფს გავუგოთ გემო

,,ნუთუ ოდესმე დაინახავს სატრფოს თვალები

როგორ უმწეოდ ვასკდები კედლებს“

 

ერთხელ მიყვარდა ერთი მარტორქა

ერთხელ ვიგრძენი რომ მიყურებდა

ერთხელაც ყელში გუნდა გამეჩრა

ერთხელ მის გამო ცეცხლი მეკიდა

ერთხელ გავშეშდი

სებასტიან შენზე რას მეტყვი - შელევიხარ ოდესმე შენს გულს?
 

თარგმნეს ანი კოპალიანმა და ოქტაი ქაზუმოვმა