სვეტლანა ალექსიევიჩი (ბელარუსი)

პროზაიკოსი
 
სვეტლანა ალექსიევიჩი ხუთი დიდი რომანის ავტორია, რომლებმაც მწერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს 22 ენაზეა თარგმნილი. ის ასევე არაერთი დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორიცაა.
 
სვეტლანა ალექსიევიჩმა შექმნა „ნონ ფიქშენ“ ლიტერატურის ახალი ჟანრი, ის „ხმების რომანებს“ წერს. მისი წიგნები ასობით ინტერვიუს ეფუძნება. მას შესწევს ძალა, რეალური ადამიანების ხმები ერთ მთლიან პანორამად წარმოგვიდგინოს. სვეტლანა ალექსიევიჩს არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული. მათ შორის – მედიჩების პრემია და წლის საუკეთესო წიგნის პრემია (2013, პარიზი); გერმანელი გამომცემლებისა და წიგნის გამავრცელებლების მშვიდობის პრემია (2013, ფრანკფურტი); ცენტრალური ევროპის ლიტერატურული პრემია „ანგელუსი“ (2013, პოლონეთი), ამერიკელ კრიტიკოსთა პრემია წიგნისთვის „ჩერნობილის ლოცვა“ (2006, აშშ).
 
 
მონოლოგი უსიტყვო სიმღერაზე...
 
„მუხლებში ჩაგივარდებით, ისე გთხოვთ...”
გვიპოვეთ ანა სუშკო... ჩვენს სოფელში ცხოვრობდა.
სოფელ კოჟუშკიში. სახელი - ანა სუშკო. მის ყველა ნიშანს
აღგიწერთ, თქვენ კი დაბეჭდეთ. კუზი აქვს, ბავშვობიდან
მუნჯია... მარტო ცხოვრობდა. სამოცი წლისაა.
გადასახლების დროს სასწრაფო დახმარების მანქანაში
აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
წერა არ უსწავლია, ამიტომ, მისგან არანაირი წერილი არ
მოგვსვლია. მარტოხელები და ავადმყოფები
თავშესაფრებში მიჰყავდათ. მალავდნენ. არავინ იცის
მისამართი. დაბეჭდეთ...
მთელ სოფელს გვეცოდებოდა. ისე ვუვლიდით, როგორც
პატარა ბავშვს. ვიღაც შეშას უპობდა, ვიღაც რძეს
მიუკითხავდა. ვიღაც ქოხში ეჯდა და ღუმელს უნთებდა.
ორი წელია, რაც ჩვენ, სხვადასხვა მხარეში გაფანტულები,
მშობლიურ ქოხებში დავბრუნდით. გადაეცით, რომ მისი
ქოხი ისევ დგას. სახურავიც აქვს, ფანჯრებიც. რაც
გაფუჭდა და დაარბიეს, ერთად გავუკეთებთ. მხოლოდ
მისამართი გაგვიგეთ, სად ცხოვრობს, სად იტანჯება და
წავალთ, წამოვიყვანთ. აქ ჩამოვიყვანთ. თორემ დარდით
მოკვდება... მუხლებში ჩაგივარდებით... უდანაშაულო სული
უცხოობაში იტანჯება...
კიდევ ერთი ნიშანი... დამავიწყდა... როცა მას რაღაც
სტკივა, სიმღერას იწყებს. უსიტყვოდ. ერთ ხმაში. აი,
ლაპარაკი კი არ შეუძლია... როცა სტკივა, ხმას უშვებს: ა-
ა-ა... ცდილობს...
მარია ვოლჩოკი, მეზობელი
 
/ რუსულიდან თარგმნა ნინო ბექიშვილმა /

 

სვეტლანა ალექსიევიჩის თბილისში ვიზიტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფესტივალის დაწყებამდე ორი დღით ადრე გაუქმდა. მის საავტორო საღამოს მთარგმნელი ნინო ბექიშვილი და მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი გაუძღვნენ.