ანა კორძაია-სამადაშვილი

პროზაიკოსი, მთარგმნელი
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსული ფილოლოგიის
ფაკულტეტი. არის თბილისის ილიას სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში: “24 საათი”,
“ცხელი შოკოლადი”, “არილი”, ანა კორძაია-
სამადაშვილის ლიტერატურული დებიუტი შედგა 2002
წელს. მისი მოთხრობები დაიბეჭდა ლიტერატურულ
ჟურნალ “არილში”, რისთვისაც 2003 წელს გადაეცა
ლიტერატურული პრემია “საბა” წლის საუკეთესო
დებიუტისათვის. მისი მოთხრობები შესულია 2004, 2005
და 2006 წლების კრებულებში “წლის თხუთმეტი საუკეთესო
მოთხრობა” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). 2005
წელს გამოქვეყნდა მოთხრობების კრებული “მე,
მარგარიტა” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა),
რომელმაც მიიღო “პარნასის” ჯილდო “წლის
ბესტსელერი”. ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობები
შესულია კრებულებში Contemporary Georgian Fiction
(Dalkey Archive Press), “21-ე საუკუნის ქართული
მოთხრობა” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), “ქალი -
სახე და პრობლემა” (გამომცემლობა კავკასიური სახელი),
ასევე გერმანული გამომცემლობის FVA-ს მიერ 2013
წელს გამოცემული ქართველი მწერალი ქალების
ანთოლოგიაში, რომელიც წარდგენილი იყო ლაიფციგის
წიგნის ბაზრობისა და „ლაიფციგი კითხულობს“ 2013 წლის
ანა კორძაია-სამადაშვილი არის ორი რომანის ავტორი:
“შუშანიკის შვილები” (2011წ. ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა) და “ვინ მოკლა ჩაიკა?” (2013 წ., ბაკურ
სულაკაურის გამომცემლობა).
 
 
გრძელი წერილი შორს წასულ დას
 
P.S. სულ დამავიწყდა: იმ შენს გოგოს რა ვუყო? უთხარი,
რა, ანას ინგლისური შვედეთში ჰინდუებმა ასწავლეს, არ
გამოგადგება-თქო. მაგას რაღაც პათოსები სჭირდება და
მე რა შუაში ვარ? უთხარი, რომ ვზივარ სარდაფში, არავის
ვეხები, არავინ მეხება... და საერთოდ, თბილისური ამბავი
თუ უნდა თავისი პროექტისთვის - მაინც ვერ გავიგე, რას
წვალობს, - ვაიმეს ამბავს მოუყევი. ჩემთან არანაირი
კავშირი არა აქვს, მართლა მაგარი ამბავია, და აჰა,
ფეშქაშ! თან არ ეგონოს, რომ არად ჩავაგდე, ან
უყურადღებო ვარ, ან სიზარმაცით მომდის.
მე მგონი, ეს შენთვისაც არ მომიყოლია. ძია ვახუშტის
ჰყავდა ერთი კატა. მითხრა, ჩემი შვილი მოვიდა და
ჯიბიდან რაღაცა ამოაცოცა და ხელისგულზე რომ დავხედე,
ვიყვირეო: „ვაიმე!“ კატის კნუტი იყოო, პატარა,
წირპლიანი, ჭუჭყიანი, კუდგაფშეკილი, და დაარქვეს
ვაიმე.
მე ვიცნობდი ვაიმეს. უზარმაზარი გაიზარდა, ლამაზი,
ვეფხვივით. მთელი უბნის კატების რისხვა იყო, უბანში
ყველა კნუტი ვაიმეს ჰგავდა. ვაიმე სულ ნაჩხუბარი იყო,
ყურჩამოგლეჯილი და დასისხლიანებული, მაგრამ იარებს
ამაყად დაატარებდა და მაგრადაც უხდებოდა. ერთხელ
ვიღაცამ - მაგას კატა ვერ უზამდა, კაცის ნახელავი იყო -
თავი გაუტეხა, და რომ დავინახე, გული გამისკდა, მეთქი,
ვაიმე. გამოძვრა. გამოძვრა რომელია! მაგარი კატა იყო,
და გმირულადაც მოკვდა - ქალისთვის ბრძოლაში. მაშინ
ძია ვახუშტიმ მითხრა: „აღარ არის ვაიმე, კატა, რომელსაც
ღირსება სიცოცხლეზე ძვირად უღირდა“.
ესაა და ეს. გკოცნი მაგრად. წავალ, დავიძინებ, თორემ
ხვალ ისევ მოვისვრი მაღვიძარას, და მეზობელს ისევ ორ
საათზე რომ ვუთხრა „დილა მშვიდობისა“, მეტისმეტი
იქნება.
ა.