ზვიად რატიანი

პოეტი, მთარგმნელი.
ზვიად რატიანმა გამოსცა ლექსების ხუთი და თარგმანების
ორი კრებული. მიენიჭა რამდენიმე ლიტერატურული
ჯილდო, მათ შორის ლიტერატურული პრემია "საბა" 2009
წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის. ძირითადად
თარგმნის XX საუკუნის ბრიტანული და ამერიკული
პოეზიის ნიმუშებს. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ,
გერმანულ, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, იტალიურ,
აზერბაიჯანულ, ჰოლანდიურ და სხვა ენებზე.
 
 
* * *
ტადეუშ დობროვსკის
 
მე და ჩემი მეგობარი დღემდე ვწერთ ლექსებს.
ეს არ არის სასაცილო. არც ჩვენ გვიხარია,
რომ ასე სულელურად გავიმეტეთ ჩვენი ერთადერთი
(ან გინდაც არ იყოს ერთადერთი) ცხოვრება. ზოგჯერ
მე ვცდილობ თავის გამართლებას, დავუშვათ, ასე:
”ვიდრე ადამიანმა არ იცის, როდის მოკვდება,
იარსებებს პოეზიაც” – ვეუბნები ჩემს მეგობარს,
ის ფიქრდება. მე მივდივარ მივლინებაში,
ძილი მიტყდება სასტუმროში. წიგნის წამოღება
ამჯერადაც დამავიწყდა. აღარ მიყვარს ტელევიზორი,
მაგრამ რადგან სხვა გზა არ მაქვს, ნერვიულად გადავდივარ
არხიდან
არხზე. აი ისიც – ქალი და კაცი
მოლაპლაპე, ზეთოვანი სხეულევით, მოლაპლაპე
ტყავის ჩექმებით, მბზინავი ტუჩებით
და ძუძუსთავებით, და სავარაუდო გენიტალიებით
იმეორებენ ერთმანეთს. “სექსი,
დეკორატიული სექსი; და მაშინ რაღა დააშავა
პოეზიამ?” – ვეკითხები ჩემს მეგობარს, როცა ვბრუნდები.
“ვიდრე ადამიანმა არ იცის, როგორ მოკვდება,
დაიხვეწება პოეზიაც” – თავს იმართლებს მეგობარი
და ეს არ არის სასაცილო