დანიელ ვისერი (ავსტრია)

დანიელ ვისერი დაიბადა კლაგენფურტში, ავსტრიაში, 1971 წელს. 1989 წელს ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სწავლობდა გერმანულ ენასა და ლიტერატურას. 1993 წლიდან გამოსცემს რომანებს, მოთხრობებს, რადიოპიესებს და წერს სიმღერის ტექსტებს. მისი პირველი რომანი “დოპლერის ქუჩის რვა ნომერი 2003 წელს გამოვიდა. 

2018 წელს ვისერმა გამოსცა რომანი “მთის დედოფალი”, რომლისთვისაც ავსტრიული წიგნის პრემია მიიღო. რომანი ორჯერ დაიდგა თეატრში და ექვს ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულად (გამომცემლობა “ინტელექტი”. მთარგმნელი - მზია გალდავაძე).

2012 წლიდან დანიელ ვისერი მუშაობს პროექტზე სახელწოდებით “იატაკის ფილებქვეშ” - მიკრორომანების სერია, რომელიც გამოიცა წიგნად, ორჯერ დაიდგა თეატრში და ასევე გამოქვეყნებულია მის ვებგვერდზე. ახალი რომანი “0 1 2” გამოვა 2023 წლის შემოდგომაზე.

 

 

მთის დედოფალი

ნაწყვეტი რომანიდან

 

ბატონი ტურინი ეტლში ზის. ფრანგული ფანჯრიდან სულ რაღაც სამიოდე მეტრის დაშორებით. ფანჯრის ორივე ფრთა ბოლომდეა მოღებული. დერეფანში არავინაა, მედდა ბარბარა სავარაუდოდ რომელიმე პაციენტის ოთახშია. ოთხი სართულის სიმაღლეა. ნეტავრამდენი მეტრი იქნება მთლიანად? ათი თუ თორმეტი? კიდევ რამდენი აქვს დრო მოსაფიქრებლად? ტურინის ცხოვრებაში უკვე ყველაფერი მოხდა. ბატონი ტურინი ეტლს ძრავს, სამი-ოთხი მეტრით უკან იხევს და პირდაპირ ფრანგული ფანჯრის საპირისპირო პოზიციას იკავებს. მერე წინ აწვება ჯოისტიკს და ბოლო სიჩქარით მიქრის ფანჯრისკენ. და მიფრინავს, ღია სივრცეში იჭრება. თავიდან აქ ძალიან გაბრაზდებიან მასზე. მერე კი, ერთი წელიც არ იქნება გასული, ტურინი ყველას მიავიწყდება.

 

ბატონი ტურინი: სულ ხუთი წამი დამრჩა დანარცხებამდე. ვისურვებდი, ირენეს და მელისას, და ბატონ კელემენსაც სწრაფად, უმტკივნეულოდ და მშვიდად დაესრულებინოთ თავიანთი ცხოვრება.

 

ირენე ტურინი: ჩემი ქმარი ერთი წლის წინგარდაიცვალა. ძალიან იტანჯებოდა განუკურნებელი სენით და  თავი მოიკლა..

 

მედდა ალიკი: სულ ბოლოს რაც მკითხა, ეს იყო: ალიკი, როგორ ფუნქციონიერებს ეს Uber-ი,შეგიძლიათ ამიხსნათ?

პადრე რაიზინგერი: სუიციდის შესახებ ლაპარაკი ძალიან რთულია. გვინდა, ბატონი ტურინი ისეთი დაგვრჩეს მეხსიერებაში, როგორიც სინამდვილეში გახლდათ.

ბატონმა ტურინმა ჯერ არ იცის, როგორ მუშაობს Uber-ი. თუ მოკვდება, ამის ცოდნა აღარც დასჭირდება.