კეროლინ ფორშე (აშშ)

პოეტი, ადამიანის უფლებათა აქტივისტი.
 
კეროლინ ფორშე რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია: „შეკრებები და ტომები“, „ქვეყანა ჩვენს შორის“, „ისტორიის ანგელოზი“ და „ლურჯი საათი“; მისი რედაქტორობით გამოცემული ორი პოეტური ანთოლოგია „მივიწყების საპირისპიროდ“ და „პოეზიის მოწმე: ინგლისური ტრადიცია 1500-2001“ ბესტსელერებად იქცა.
 
პოეტი ხშირად იყო ნომინირებული სხვადასხვა ჯილდოზე და მიღებული აქვს მრავალი პრემია, მათ შორის, სტოკჰოლმში ედიტა და ირა მორისების ჰიროშიმას ფონდის პრემია მშვიდობისთვის, გუგენჰაიმის სტიპენდია, ლანანის ლიტერატურული სტიპენდია და სულ ბოლოს, 2014 წელს, ამერიკის პოეზიის აკადემიის სტიპენდია პოეზიაში.
 
კეროლინი ორმოც წელზე მეტია ლიტერატურასა და წერას ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე კითხულობს საკუთარ ლექსებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მისი ნაწარმოებები ოცდახუთზე მეტ ენაზეა თარგმნილი. კეროლინ ფორშე არის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც იგი ასევე ხელმძღვანელობს
პოეზიისა და სოციალური პრაქტიკის ლანანის ცენტრს. კეროლინ ფორშეს მონაწილეობას თბილისის ლიტერატურულ ფესტივალში მხარს უჭერს აშშ-ს საელჩო საქართველოში.
 
 
პოლკოვნიკი
 
ყველაფერი, რაც ამის შესახებ გსმენიათ, სიმართლეა.
თავად ვიყავი მასთან სახლში. მისმა ცოლმა ლანგრით
ყავა და შაქარი შემოგვიტანა. მისი ქალიშვილი
ფრჩხილებს იქლიბავდა, ვაჟი კი მეგობრებთან ერთად
წავიდა. ოთახში ეწყო გაზეთები, პატარა ბალიშზე ესვენა
რევოლვერი, დარბოდნენ ძაღლები, სახლის თავზე
ჩამობმულ შავ თოკზე კი ქანაობდა შიშველი მთვარე.
ტელევიზორში ინგლისურ ენაზე პოლიციელების შესახებ
შოუს გადმოსცემდნენ. გარედან სახლის კედლებში
დამსხვრეული ბოთლები იყო ჩამაგრებული, ისე, რომ ვინც
ახლოს მივიდოდა, მუხლს გადაიხსნიდა, ან ხელს
დაისერავდა. ფანჯრებზე ისეთი გისოსები დაემაგრებინათ,
როგორც ჩვენთან კონიაკის მაღაზიას აქვს ხოლმე.
სადილად გვქონდა ბატკნის კანჭი, კარგი ღვინო, სუფრაზე
იდო ოქროსფერი ზარი მოახლის დასაძახებლად.
მოახლემ მწვანე მანგო, მარილი და იქაური პური
მოგვართვა. მკითხეს, როგორ მომეწონა მათი ქვეყანა. ამ
დროს ტელევიზორში ესპანურად მოკლე რეკლამა გაუშვეს.
მისმა ცოლმა მაგიდა აალაგა. შემდეგ დაიწყეს საუბარი,
თუ რა რთული სამართავი გახდა ქვეყანა. თუთიყუში
ტერასიდან ვიღაცას მიესალმა. პოლკოვნიკმა უბრძანა
მოეკეტა და ფეხზე წამოხტა. ჩემმა მეგობარმა თვალებით
მანიშნა, ხმა არ ამომეღო. პოლკოვნიკი უბრალო ნაჭრის
ჩანთით ხელში დაბრუნდა. მაგიდაზე უამრავი ყური
დაყარა. ისინი გახლეჩილი ატმის ჩირებს ჰგავდნენ. სხვა
შედარება არ მოუხდება. მან ერთი ყური ხელში აიღო.
სახესთან ახლოს მოგვიტანა, შემდეგ წყლიან ჭიქაში
ჩააგდო. ის იქ გაცოცხლდა. უსაქმობამ გადამღალა,
მასხარაობამ, - განგვიმარტა - ადამიანის უფლებები კი...
გადაეცით თქვენს უფროსებს, მაგათი დედაც! ხელი
მოუსვა და ყურები იატაკზე გადაყარა, შემდეგ ღვინის ჭიქა
ზევით ასწია. ლექსისთვის არაფერი გამოგადგებათ?
მკითხა. იატაკზე ზოგიერთ ყურს მის ხმაში ლითონი არ
გამოპარვია. დანარჩენი მიპრესილი იყო იატაკს.
 
ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ