არფი ვოსკანიანი

არფი ვოსკანიანი დაიბადა 1978 წელს ქალაქ სტეფანავანში. 1996 წელს ჩააბარა ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, 1998 წელს კი ერევნის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც 2005 წელს დაამთავრა. წერა 5 წლის ასაკიდან დაიწყო, მისი ნაწარმოებები პრესაში პირველად 1990 წელს გამოქვეყნდა. 2001 წელს გამოსცა  პროზაული ლექსებისა და ექსპერიმენტული ნაწერების კრებული „წიკ“.

2008 წელს, არჩევნების შემდგომი პერიოდის მოვლენების შემდეგ, ავტორმა უარყო ლიტერატურული პრესა, როგორც რეალობას მომწყდარი, სოციალურ საკითხებს უზიარებელი სივრცე და უპირატესობა ოპოზიციურ გაზეთებში გამოქვეყნებას მიანიჭა. 2010 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული „ანტერუდუს“, 2011 წელს კი ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი ზღაპარი „მარადონა და რონალდინიო“. 2012 წელს პროზაიკოს ჰამბარძუმ ჰამბარძუმიანთან ერთად დააარსა ლიტერატურული საიტი ,,გროღუცავ“ (groghucav.am), რომელიც ეხება სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებს. 2016 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული ,,არ იყიდება“, რომელშიც  ავტორის მიერ მცირე პროზაში განვლილი ოცწლიანი გზაა წარმოდგენილი. 

 

გახდე არქიტექტორი

 

ბოლო სამი დღე, შერცხვენილი და ბედნიერი

ვიღვიძებ, როგორც ქმრიანი ქალი,

სიზმარში სხვა რომ შეუყვარდა

და ფიქრებში თავს ვერ ანებებს.

 

არ იცის, როგორ გაუსწოროს მეუღლეს მზერა,

უყვარს, პატივს სცემს, დაშორება სულაც 

                                                                არ უნდა...

მაინც საიდან მომეწებნენ, როგორ მოვიდნენ

ეს ახალი, ცხელი სიზმრები:

შენობები, შენობები, შენობები

ცისკენ აჭრილი და მხოხავი კონსტრუქციები: 

ბევრი ცილინდრი, კუბი, კონუსი

შენობები - ღრუბლებიდან ჩამოშვებული 

ყვავილების გირლიანდები,

ცხოველების, ხეების მსგავსი,

ადამიანისფორმიანი

უსასრულო მინა, ლითონი,

ქვა, ხე, ბეტონი

სხვა მასალაც, ზოგჯერ უცნობი.

მე ვდევნი ფიქრებს შენობებზე,

მაინც ვხედავ ქუჩებს, ქალაქებს

- უნებურად მაინც შენდება -

შეყვარებული და სულელი გული მიფეთქავს, 

გული - უგნური პირუტყვია...

„არქიტექტორი“ - ჩუმად ვგუგლავ 

შერცხვენილი, შეშინებული.

უცნობი მამრის სახელს დავეძებ, 

რომელიც ასე უაზროდ და მოულოდნელად,

დაუფიქრებლად შემიყვარდა.

სანამ გახსნილა, ჩავხურე გვერდი.

რისი შენება? ან რომელი არქიტექტორი?

ერთადერთი, რაც შემიძლია,

რაც კარგად ვიცი -

ჩემი ცხოვრების ჩამოშლაა -

- ჩემი ნამდვილი მოწოდება.

 

სომხურიდან თარგმნეს დიანა ანფიმიადიმ და ასია დარბინიანმა