სარა ბოუერი

პროზაიკოსი. სარა ბოუერს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული
რომანებისა და მოთხრობებისთვის. 2007 წელს
რომანისათვის „სისხლიანი ნემსი“ მოიპოვა სიუზენ ჰილის
პრემია. მეორე რომანი, „სიყვარულის წიგნი“ (ამერიკული
სათაურია „ბორჯიათა ოჯახის ცოდვები“) ცხრა ენაზე
ითარგმნა და 2009 წელს „ტორონტო გლოუბისა“ და
„მეილის“ ბესტსელერად იქცა. მეოთხე რომანი, „ეროზია“
2014 წელს გამოიცა. მოთხრობები და ესეები კი
მრავალგზის დაიბეჭდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა
„MsLexia“, „Words Without Borders“ და „Asian Cha“, ასევე
გადაიცა “ბი-ბი-სი”-ის რადიოთი.
 
 
ნაწყვეტი ინტერვიუდან
 
“…ამჟამად ვმუშაობ რომანზე, რომლის სათაურიცაა
“სიყვარული კლავს, არა?” მასში სამი სიუჟეტური ხაზია,
რომლებშიც მოქმედება ინგლისსა და პალესტინაში 1948-
2008 წლების პერიოდში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი,
ერთი მხრივ, ინგლისელი ქალია, რომლის წარსულიც
იდუმალებითაა მოცული, რასაც თვითონ მხოლოდ მას
მერე შეიტყობს, რაც მოულოდნელად ჩრდილოეთ
იორკშირის სანაპიროზე მდებარე სახლის მემკვიდრე
გახდება. მეორე პერსონაჟი პალესტინელი ტერორისტია.
საკვანძო როლებს თამაშობენ აგრეთვე ქალის დედა და
მცხობელი კაცი. რომანს რთული ქრონოლოგია აქვს და
არც ერთი ურთიერთობა იმ გზით არ ვითარდება, რასაც
თავდაპირველად ვვარაუდობთ. ამ წიგნის წერისას
გამუდმებით ბეწვის ხიდზე გავდივარ, ვცდილობ
ცხოვრებისეულ ურთიერთობათა და დამთხვევათა
სირთულე და ქაოტურობა გადმოვცე და, ამავდროულად,
ჰარმონიული, ერთ ღერძზე ასხმული ნარატივიც
გამომივიდეს. ეს რომანი ჩემთვის გამოწვევაა მრავალი
გაგებით. მასზე მუშაობისას დღემდე ყველაზე უფრო
სახალისო გამოცდილება მაშინ შევიძინე, როდესაც
ოქსფორდის ფამპ-სტრიტის საცხობის მეპატრონემ ნება
დამრთო, ერთი ცვლა პურის მცხობელებთან ერთად
მემუშავა (მას შემდეგ, რაც მთელი ღამე ცომს ზელდი,
დილის 4 საათზე საუზმედ ახლადგამომცხვარი ღვეზელის
მირთმევა, მგონი, ზეციურ ნეტარებასთან ყველაზე უფრო
მიახლოვებული განცდაა, რასაც კი ოდესმე
ვღირსებივარ!). შემდეგი ამგვარი გამოცდილება ამ წლის
ოქტომბერში მელის, როცა პალესტინაში გავემგზავრები
პროექტ `”ზეითუნში” მონაწილეობის მისაღებად, რომელიც
ზეთისხილის მოსავლის აღებას ითვალისწინებს.
პალესტინის უახლესი ისტორია ისე დაწვრილებითაა
დოკუმენტირებული, რომ არც კი ვიცი, მისი შესწავლა
საიდან დავიწყო.
 
ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ