სიუზან შილინგლოუს
ფილოსოფიის დოქტორი (Ph.D.), სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და სალინასში (კალიფორნია) მდებარე ჯონ სტაინბეკის ეროვნული ცენტრის დირექტორი. იგი ასევე არის სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორი, სადაც ხელმძღვანელობდა ამავე უნივერსიტეტის სტაინბეკის კვლევების ცენტრს და იყო „პრეზიდენტის სტიპენდიანტი მკვლევარი“ (President’s Scholar) 2012-2013 წლებში. ბოლო 29 წლის განმავლობაში იგი აქტიურად შეისწავლის ჯონ სტაინბეკის შემოქმედებას და ხშირად გამოდის მოხსენებებით ავტორის გავლენასა და აქტუალობაზე.
დოქტორ შილინგლოუს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი სტაინბეკის შესახებ, რომელთაგან ყველაზე ახალია: „ქეროლ და ჯონ სტაინბეკები: ერთი ქორწინების პორტრეტი“ (ნევადის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013 წ.) და „მრისხანების მტევნების კითხვისას“ (Penguin, 2014 წ.), ასევე „მოგზაურობა სტაინბეკის კალიფორნიაში“ (2006; 2011 წწ.). მას ასევე ეკუთვნის შესავალი წერილები სტაინბეკის რამდენიმე წიგნისთვის გამომცემლობა „Penguin New American Library“-ის გამოცემებში: „კონსერვების რიგი“, „თაგვებსა და ადამიანებზე“, „რუსული დღიური“ და „ჩვენი მწუხარების ზამთარი“. მის სხვა პუბლიკაციებს შორისაა სამეცნიერო ესეების კრებულები (მაგ. „სტაინბეკი და გარემო“, 1997 წ.), აგრეთვე სტაინბეკის ჟურნალისტური ნამუშევრების გამოცემა — „ამერიკა და ამერიკელები და რჩეული დოკუმენტური პროზა“ (2002 წ.).
გლობალური ლოკალურია და ლოკალური — გლობალური: ჯონ სტაინბეკის საბჭოთა კავშირი/ამერიკა/კალიფორნია (ამონარიდი)
ორივე ხელოვანი გზას გაუდგა იმ განზრახვით, რომ ყურადღება გაემახვილებინათ მოსკოვში, კიევში, სტალინგრადსა და საქართველოში მცხოვრებ რიგით რუსებზე (საბჭოთა ადამიანებზე). „საბოლოოდ მოვიფიქრე, რისი გაკეთება შემიძლია რუსეთში, — წერდა სტაინბეკი დღიურში გამგზავრებამდე, — შემიძლია შევქმნა მოგზაურობის დეტალური აღწერა. სამგზავრო დღიური. მსგავსი რამ ჯერ არავის გაუკეთებია. ეს კი ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რაც ხალხს აინტერესებს“ (დღიური „გზააბნეული ავტობუსი“). დეტალები კაპასთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი იყო. ომის ფოტოგრაფს, რომლის ფოტოებიც ზუსტად გადმოსცემდა კონკრეტული ადგილისა და დროის არსს, შეეძლო წარმოედგინა „მთლიანი მოვლენის ერთი ამონაჭერი… [და] იმაზე მეტად ეჩვენებინა საქმის რეალური სიმართლე მათთვის, ვინც იქ არ იმყოფებოდა, ვიდრე ამას მთელი სცენის ხილვა შეძლებდა“ („ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი გამოიგონა“). ამგვარად, მკაფიოდ ფოკუსირებული ჰუმანური პერსპექტივა იყო სტაინბეკისა და კაპას მთავარი მიზანი ამ „ამოუცნობ ქვეყანაში“ მოგზაურობისას — სწორედ ასე ხედავდნენ ამერიკელები რუსეთს 1947 წელს, როდესაც „რუსეთის და ამერიკის მთავრობები ერთმანეთს ღრმა, ორმხრივი უნდობლობით უმზერდნენ“.
