ზურა ჯიშკარიანის

მწერალი, პოეტი და გეიმდიზაინერი ზურა ჯიშკარიანი დაიბადა 1985 წელს სოხუმში. ამჟამად მუშაობს თავის პირველ წიგნზე, წერს ბლოგებს „National Geographic საქართველო“-სთვის და ჟურნალებისთვის: „ლიბერალი“, „XXII“, „ინდიგო“. ჩართულია მრავალ პროექტში, მათ შორის: „ონლაინ ილიაუნი“ — ინტერაქტიული ონლაინ უნივერსიტეტი, პირველი უფასო ქართული მასობრივი ღია ონლაინ კურსი (MOOC); პროექტი „ინტერაქტიული ბიბლიოთეკა“. ქართველი „პოეტების მეფის“, გალაკტიონ ტაბიძის ჩატბოტი; ამჟამად საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად მუშაობს ვირტუალური რეალობის მუზეუმზე — არის იდეის ავტორი, პროექტის კოორდინატორი და ნარატივ დიზაინერი. იგი ასევე უძღვებოდა პროექტს „ქუჩის აკადემია“ ონლაინ ტელევიზია „არტარეაში“ (ქუჩის ლექციების სერია, 2014-2015 წწ.) და ვიდეობლოგს თანამედროვე ხელოვნებისა და ავანგარდული ტექნოლოგიების შესახებ — „SpacePunk“ (2012-13, 2016 წწ.).

სპონტანური დაურედაქტირებელი მადლობა (ჰაკიმის საქებარი ჰიმნი) (ამონარიდი)

სალამი! მე ჰაკიმი ვარ, ზურაბის ძე, და ყველაზე მეტად ის მიყვარს, როცა უგუნურად ვიქცევი, როცა იუთუბზე პოლიციელებს ხოცავენ და ჩემი ქვეყანა… ჩემი ქვეყანა ყველაზე, ყველაზე მეტად. ადრე მეგონა, რომ ის არ მიყვარდა. ოჰ, როგორ ვცდებოდი! ეს რაღაცით ჰგავს იმას, სკოლა რომ გეზიზღება და მისი დამთავრებისას უცებ ორაზროვანი ემოციები რომ მოგაწვება. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ, ახალგაზრდების უმრავლესობას, გვძულს ჩვენი ქვეყანა — დედაჩვენი თუ მამაჩვენი? გვასწავლიდნენ, რომ იბერია დედაა ჩვენი, მაგრამ იქნებ იბერია მამაა? ძველი აღთქმის ღმერთივით, იეჰოვასავით — სიყვარულით ეჭვიანი და განრისხებული. აღზრდის თავისებური მეთოდებით. მივხვდი, რომ მიყვარს ამ დაფლეთილი ქალაქების ყოველი ბრმა ჩიხი, ასფალტიდან ყვავილებივით ამოზრდილი კორპუსების სუნი, ყოველი მთავრობა, რომელიც მოდის და მიდის „როგორც დილის არამყარი ხილვები, ან არამყარი სატრფოები“, მეტროს მემანქანეები, საყვარელი სულელი ვარსკვლავები, ლტოლვილთა დასახლებები… ალბათ გინახავთ ლტოლვილთა დასახლებები, არა? პოსტაპოკალიფსური ურბანული დიზაინი, თავბრუდამხვევი გარე მიშენებებით, ლუდის ქილებისგან გაკეთებული ანტენებით — კიდევ სად ნახავთ მსგავს რამეს?

თარგმნა გიორგი ცხადაიამ

Information

Follow