ეტგარ კერეტ
ისრაელელი მწერალი და დრამატურგი, ეტგარ კერეტი, დაიბადა რამატ-განში 1967 წელს. კერეტი თელ-ავივში ცხოვრობს და ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. 2007 წელს კერეტმა და შირა გეფენმა ფილმისთვის „მედუზა“ კანის კინოფესტივალის ჯილდო „ოქროს კამერა“ და საფრანგეთის ხელოვანთა და მწერალთა გილდიის საუკეთესო რეჟისორის პრიზი მოიპოვეს. 2010 წელს კერეტს საფრანგეთში ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის (Chevalier de l’Ordre des Arts et des Lettres) საპატიო წოდება მიენიჭა. მისი წიგნები თარგმნილია 39 ენაზე და გამოცემულია 44 ქვეყანაში. ეტგარ კერეტის ორი წიგნი — „ნიმროდის ხრიკი“ და „უეცრად კარზე კაკუნი“ — ქართულ ენაზეც არის გამოცემული. მისი ნამუშევრები იბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა „Paris Review“ და „The New Yorker“.
უეცრად კარზე კაკუნი (ამონარიდი)
„ამბავი მომიყევი“, — მიბრძანებს წვერგაარსებული კაცი, რომელიც ჩემი მისაღები ოთახის დივანზე ზის. უნდა ვაღიარო, სიტუაცია ყველანაირად არასასიამოვნოა. მე ისეთი ადამიანი ვარ, ვინც ამბებს წერს და არა ისეთი, ვინც მათ ყვება. და ამასაც კი არ ვაკეთებ ვინმეს მოთხოვნით. ბოლოს, როცა ვინმემ ამბის მოყოლა მთხოვა, ჩემი შვილი იყო. ეს ერთი წლის წინ მოხდა. მას რაღაც ზღაპარი მოვუყევი ფერიასა და ქრცვინზე — ზუსტად აღარც კი მახსოვს, რა — და ორ წუთში უკვე ღრმად ეძინა. მაგრამ აქ სიტუაცია ძირეულად განსხვავებულია. იმიტომ, რომ ჩემს შვილს არც წვერი აქვს და არც პისტოლეტი. იმიტომ, რომ ჩემმა შვილმა ამბავი ტკბილად მთხოვა, ეს კაცი კი უბრალოდ მის წართმევას მობეზრებულად ცდილობს.
ვცდილობ წვერებიან კაცს ავუხსნა, რომ თუ პისტოლეტს გვერდზე გადადებს, ეს მხოლოდ მის სასარგებლოდ, ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს. ძნელია მოიფიქრო ამბავი, როცა თავზე დატენილი პისტოლეტის ლულა გაქვს მიბჯენილი. მაგრამ ტიპი თავისას არ იშლის. „ამ ქვეყანაში, — მიხსნის ის, — თუ რამე გინდა, ძალა უნდა გამოიყენო“.
