ჩარლზ ბერნსტაინი - ფესტივალის მონაწილე.

თბილისის მე-4 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის (14-19 მაისი, 2018 წელი) მონაწილე აშშ-დან - ჩარლზ ბერნსტაინი.

პოეტი და ესეისტი. დაიბადა ნიუ იორკში, 1950 წელს. არის ე.წ. ენის (L=A=N=G=U=A=G=E) პოეტური ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი წევრი. სწავლობდა ბრონქსის მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში, 1972 წელს დაამთავრა ჰარვარდის კოლეჯი. 50-ზე მეტი წიგნის ავტორი და რედაქტორია, მათ შორის პოეტური კრებულების, ესეების, პამფლეტების, ლიბრეტოების და სხვა. მისი ბოლო ნამუშევრებია „პოეზიის დიაპაზონი“ (ჩიკაგოს უნივერსიტეტი, 2016) და „გადაანგარიშება“ (ჩიკაგო, 2013). 2010 წელს გამომცემლობამ Farrar, Straus & Giroux გამოსცა მისი კრებული „მთელი ეს ვისკი სამოთხეში“ - რჩეული ლექსები. ბერნსტაინი ინგლისური ენისა და შედარებითი ლიტერატურის პროფესორია პენსილვანიის უნივერსიტეტში. ის ასევე არის ორგანიზაცია PennSound-ის თანადირექტორი და ამერიკული ხელოვნებისა და მეცნიერებისა აკადემიის სწავლული. 2015 წელს ჩარლზ ბერნსტაინმა ორი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო: მიუნსტერის საერთაშორისო პოეზიის პრემია და იანუს პანონიუსის გრან პრი პოეზიაში.

 

აჯანყდი!

აჯანყდი, რადგან მამა ძალიან ბევრს გატყუებდა ბავშვობაში
აჯანყდი, რადგან გულს გირევს დაპირებები და გადაგდებები
აჯანყდი, რადგან იმედი იმედგაცრუებით იწყება
აჯანყდი, რადგან მხოლოდ კოლექტიური ქმედებები გვაშორებენ ბოროტოკრატიას
აჯანყდი, რადგან შენი გაყიდვა არ შეიძლება
აჯანყდი, რადგან თავი დაკარგე
ერთი და იგივე კოშმარების წრეზე სიარულში
აჯანყდი, რადგან შვილები ამტკიცებენ რომ ეს არაფერს მოიტანს
ხოლო მშობლები ამტკიცებენ, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა

აჯანყდი, რადგან დემონებიც მოკვდავნი არიან
აჯანყდი, რადგან ტკივილი აუტანელია, სამუშაო ძალიან ბევრი
ხოლო ჯილდო ზედმეტად ძუნწი
აჯანყდი, რადგან ლაპარაკს არ გაცლიან
აჯანყდი, რადგან ეს ასე არ უნდა ყოფილიყო
აჯანყდი, რადგან უნდა მოიგერიო ყველა შემოტევა
და უპასუხო ყველა შეურაცხყოფას
აჯანყდი, რადგან შენი ღირსება მეტია მათ ორპირობაზე
აჯანყდი, რადგან ხელები მოგვეცა რათა შევქმნათ
და არა იმისთვის, რომ უკანასკნელი წვეთი გამოვადინოთ
სასოწარკვეთილ ადამიანებს
აჯანყდი, რადგან ხელისუფლება ესაა ქუჩა ორმხრივი მოძრაობით,
შესახვევებით, გადასვლელებით და შეუსწაველი გვირაბებით
აჯანყდი, რადგან შენი შიშველი ხელები შენი ერთადერთი ჰეჯ-ფონდია
აჯანყდი, რადგან ნახშირის მტვერი ახრჩობს
ხოლო შახტა ცოცხალთა სასაფლაოა

აჯანყდი, რადგან გულს გირევს ყველაფერი,რასაც ახალს ეძახიან
შენ კი სასოწარკევეთილი ხარ იმით, რომ არაფერი იცვლება
აჯანყდი, იმიტომ რომ შენ მიგატოვეს
აჯანყდი, იმიტომ რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლია
აჯანყდი, იმიტომ რომ ყველა უსმენს და არავინ ლაპარაკობს
აჯანყდი, იმიტომ რომ ამის სხვაგვარად გამოხატვა არ შეგიძლია

აჯანყდი, იმიტომ რომ აზრი უნდა შექმნა, მისი სწავლა შეუძლებელია
აჯანყდი, რადგან ცხოვრება მოთხრობაა, ხოლო შენ მთხრობელი ხარ
აჯანყდი, რადგან ეს მე გითხარი
აჯანყდი, რადგან მე არასდროს გიღალატებ,
აჯანყდი, რადგან მე ერთი გითხარი, მეორე კი გავაკეთე
აჯანყდი, რადგან მე იმედი გაგიცრუე
აჯანყდი, რადგან მე გაგასულელე და გაიძულე გეყვირა
აჯანყდი, რადგან არ აქვს მნიშვნელობა მოიგებ, თუ წააგებ,
მთავარია რაღაც ქნა

აჯანყდი, იმიტომ რომ შოუზე დასასწრები ბილეთები ვერ იშოვე
აჯანყდი, რადგან საკუთარი აზრი არასდროს გქონია
აჯანყდი, რადგან შენ შეგიძლია, ან გგონია რომ შეგიძლია
ან გეგონა რომ შეგეძლო
აჯანყდი, რადგან ეს შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს
აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია
აჯანყდი, რადგან ბნელ რესტორანში ასანთის ღერიც კი საკმარისია
მენიუს წასაკითხად
აჯანყდი, რადგან შენ არ მოგწონს როგორც გადააკეთეს სამყარო
აჯანყდი, რადგან შენი ჩადენილი ბოროტება მათ ბოროტებასთან ვერ მივა
აჯანყდი, რადგან ზარები რეკენ, შენ კი თითქმის ყრუ ხარ
აჯანყდი, რადგან თვითდამშვიდება დროის ფუჭად კარგვაა

შენ არ აჯანყდი, როცა შეგეძლო, ახლა კი ძლიერ გვიანაა.
აჯანყდი, რადგან ხმაურია
აჯანყდი, რადგან შენს ცხოვრებაში არასაკმარისია პოეზია,
ან ეს ის პოეზია არ არის
აჯანყდი, რადგან ყველაფერი მოგბეზრდა
აჯანყდი, რადგან შეყვარებული ხარ, ან გადაიყვარე,
ან აღმართში ხარ, ან დაღმართში, ან ჩიხში,
თავი ცარიელი გაქვს, თუ იდეებით სავსე,
კრიზისში ხარ, თუ მშვენიერ სპორტულ ფორმაში.

აჯანყდი, რადგან მდიდრებს ურჩევნიათ შენ ჩაძაღლდე,
ვიდრე, გადასახადები სრულად გადაიხადონ
აჯანყდი, რადგან სიღარიბე კანონს მიღმა დააყენეს,
ხოლო კორპორაციების მძარცველობა დააკანონეს
აჯანყდი, რადგან ტანგოს მარტო ცეკვა უხალისოა
აჯანყდი, რადგან ეს აუცილებელია
აჯანყდი, რადგან ზოგჯერ უნდა ადგე, რათა ჯდომისგან სიამოვნება მიიღო
აჯანყდი, რადგან შენ ვერ წარმოგედგინა რომ ეს შეგეძლო
აჯანყდი, რადგან შენ ამის ტრაკი არ გაქვს
აჯანყდი, რადგან შენ გამოტოვე რევოლუცია
აჯანყდი, რადგან რევოლუცია ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ხდება
აჯანყდი, რადგან შენს აპათიას შენთვის უსაზღვრო სიხარული მოაქვს
აჯანყდი, რადგან შენი ხმა დაკარგე
აჯანყდი, იმიტომ რომ შენ გაქვს არჩევანი
აჯანყდი, რადგან გუნდში სიმღერა გინდა
აჯანყდი, რადგან სულ გინდოდა სოლისტი ყოფილიყავი,
აჯანყდი, ეს დიდხანს იწელება
აჯანყდი, რადგან გინდა იმღერო ეს სიმღერა.

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხასაიამ