ივა ფეზუაშვილი (საქართველო)

ივა ფეზუაშვილი (1990) არის ქართველი ავტორი და სცენარისტი, ამჟამად საქართველოს  პენცენტრის პრეზიდენტი.  დამთავრებული აქვს  შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის მხატვრული კინოს რეჟისურის ფაკულტეტი. მისი მოთხრობა „ალჩუ“  ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებული გახდა, ამავე მოთხრობის მიხედვით გადაიღო მან მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ბაბაზი". იყო სერიალის "ტიფლისის" სცენარისტი და რეჟისორი. მისი სადებიუტო მოთხრობების კრებული  „ვცადე“ 2014 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა, ისევე როგორც მისი პირველი რომანი „უფსკრულის სახარება“ 2018 წელს.  ივა იყო ერთ-ერთი ავტორი მოთხრობების ანთოლოგიაში „თბილისის წიგნი“, რომელიც  გვანცა ჯობავას რედაქტორობით გამოსცა Comma Press-მა  2017 წელს. მის მეორე რომანს „ბუნკერი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) მიენიჭა ევროკავშირის პრიზი ლიტერატურაში 2022 წელს, მანამდე კი „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სპეციალური  პრიზი 2021 წელს და წინანდლის პრემია საუკეთესო პროზაში 2021წელს. ივას ბოლო რომანი "მასკარაფონე" გამოიცა 2023 წელს.

 

 

Aserejé თან წაიღე

ნაწყვეტი მოთხრობიდან


ფაცაცია იყო - ფაცაციამ მიმღერა Destiny has a funny way-ო და მერე ძაან ბევრი წელი რომ გავიდა - ანუ დღეს, უკვე სარამ მიმღერა იგივე და იმ შამანმაც ხო გამაფრთხილა, ეგ ყველაფერი ტრიალებს და შენ კიდევ ისეთ რამეებს გინდა კარი გამოუხურო, რომელ რამეებსაც საერთოდ არ სჭირდება კარ-ფანჯარა რომ შენს გვერდით და შენში იყონ, მაგრამ გიყურება აჰა, და ვხედავ რომ კბოდესთან დგახარ და მაგ შენი წარსულის ბავშვისთვის ისე ძლიერად გაქვს ხელი ჩაჭიდებული რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც გადაგჩეხავს უფსკულში, ანდაც შენ გადაჩეხავ შენ თავს, ანდაც შენი თავი - მაგ შენს ბავშვს და აჰა შეისუნთქეო, შეისუნთქე და გაუშვიო, გაუშვი ეგ სხეული, გაუშვი ეგ ტვინი, გაუშვი ეგ ფიქრებიო. სუნთქვააო, ყველაფერი სუნთქვაა და სუნთქვა კიდევ ის არის, რას და როგორ ჩაისუნთქავ და რას და როგორ ამოისუნთქავო და ჩაისუნთქე ეგ წარსული, ჩაისუნთქე და აჰა შენ აიოვასკა და აჰა შენ გასაღები და აჰა შენ კარი ოღონდ კი გახსოვდეს - თუ მატყუებ და კარში შესვლა მხოლოდ იმიტომ გინდა რომ შენი წარსულის ბავშვი მის მიღმა გამოკეტო, იცოდე ეგ ყველაფერი არ მოგასვენებს, ეგ ყველაფერი დაგეწევა, ეგ ყველაფერი დატრიალდება, ეგ ყველაფერი წინ დაგხვდება, როგორც რომ პიპიჩას და პიჟონას დახვდათ ცოდვები და როგორც რომ პიპიჩა და პიჟონა ჩახოცეს ციხის ბუნტის დროს, ეგრე პირველივე აჯანყებაზე ჩაგხოცავს ეგ შენი ბავშვიო, და მეთქი პიპიჩა და პიჟონა შენ საიდან… და მერე მე ვერაფერი ვეღარ ვთქვი და ვერც ეხლა ვიტყვი ვერაფერს, იმიტომ რომ ეგ შამანებთან გარიგების წესია რომ რასაც კარს მიღმა ნახავ - ეგ არ უნდა თქვა, კარს მიღმა გამოცდილებებზე მეცნიერები ნადირობენ და მეცნიერება კარგია, მაგრამ მაგია, არ უნდა აიხსნას. მაგიას თუ ახსნი ფოკუსი გახდება, ფოკუსი კიდე ლაღობაა და კარს მიღმა მაგია კი, რა-რა და სალაღობო ნამდვილად არ არის…