ჩარლზ ბერნსტაინი

პოეტი და ესეისტი. დაიბადა ნიუ იორკში, 1950 წელს. არის ე.წ. ენის (L=A=N=G=U=A=G=E) პოეტური ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი წევრი. სწავლობდა ბრონქსის მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში, 1972 წელს დაამთავრა ჰარვარდის კოლეჯი. 50- ზე მეტი წიგნის ავტორი და რედაქტორია, მათ შორის პოეტური კრებულების, ესეების, პამფლეტების, ლიბრეტოების და სხვა. მისი ბოლო ნამუშევრებია „პოეზიის დიაპაზონი“ (ჩიკაგოს უნივერსიტეტი, 2016) და „გადაანგარიშება“ (ჩიკაგო, 2013). 2010 წელს გამომცემლობამ Farrar, Straus & Giroux გამოსცა მისი კრებული „მთელი ეს ვისკი სამოთხეში“ - რჩეული ლექსები. ბერნსტაინი ინგლისური ენისა და შედარებითი ლიტერატურის პროფესორია პენსილვანიის უნივერსიტეტში. ის ასევე არის ორგანიზაცია PennSound-ის თანადირექტორი. ამერიკული ხელოვნებისა და მეცნიერებისა აკადემიის სწავლულია. 2015 წელს ჩარლზ ბერნსტაინმა ორი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო: მიუნსტერის საერთაშორისო პოეზიის პრემია და იანუს პანონიუსის გრან პრი პოეზიაში. 

 

გმადლობ, რომ მმადლობ

ეს სრულიად

ხელმისაწვდომი ლექსია.

ამ ლექსში არაფერია

რაც რამენაირად

რთულად გასაგები იქნებოდა.

ყველა სიტყვა

მარტივი და მნიშვნელოვანია.

აქ არაა ახალი კონცეფტები

თეორიები

იდეები რომ დაგაბნიოს.

ამ ლექსს არ აქვს

ინტელექტუალური პრეტენზიები.

ის წმინდად ემოციურია.

სრულად აღწერს

ავტორის შეგრძნებებს:

ჩემს შეგრძნებებს,

პიროვნების,

ახლა შენ რომ გესაუბრება.

ეს ყველაფერი კომუნიკაციაზეა. 

გულწრფელობაზე.

ეს ლექსი გაღიარებს და გაფასებს

შენ როგორც მკითხველს.

ის ზეიმობს

ადამიანური წარმოსახვის გამარჯვებას

უფსკრულებსა და უბედურებებს შორის

ეს ლექსი შეიცავს 90 ხაზს,

269 სიტყვას და

იმაზე მეტ მარცვალს,

ვიდრე მე მაქვს დრო მის სათვლელად,

ყოველი სიტყვა,

ხაზი და მარცვალი

შერჩეულია, რათა აწარმოოს

მხოლოდ განზრახული მნიშვნელობა 

და არაფერი მეტი.

ის უარყოფს

სიბნელეს და მისტიკას.

არაფერია დაფარული.

ასობით მკითხველი

წაიკითხავს ამ ლექსს 

ერთნაირი მანერით

და ამოიღებს იქიდან ერთსა და იმავე

გზავნილს.

ეს

ლექსი, როგორც ყველა

კარგი ლექსი, გვიყვება

უშუალოდ ამბავს

რომელიც მკითველს

თავსატეხს არ უტოვებს. მაშინ როცა

სიმძაფრის, ბრაზის,

შურის, ქსენოფობიის

და რასისტული ქარაგმების

გამოხატვისას

მისი საბოლოო განწყობა 

მტკიცებითია.

ის პოულობს

სიხარულს ცხოვრების

თუნდაც იმ ავ მომენტებში

რომელსაც შენთან ერთად იზიარებს.

ეს ლექსი წარმოადგენს პოეზიისადმი იმედს

რომელიც აუდიტორიას

ზურგს არასოდეს შეაქცევს

რომელიც არ ფიქრობს, რომ 

მკითხველზე უკეთესია

ეს ჩაფიქრებულია

ლექსის პოპულარულ ფორმად 

როგორიცაა ფრანის ფრენა

და მფრინავი თევზი

ეს ლექსი არ მიეკუთვნება

რომელიმე სკოლას

არ აქვს დოგმა.

არ მისდევს მოდას.

ის ამბობს მხოლოდ იმას,

რასაც ამბობს.

ის

რეალურია. 

 

ინგლისურიდან თარგმნა პაატა შამუგიამ