ვლადიმირ ნეკლიაევი (ბელარუსი)

პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ბელარუსის პენ-ცენტრის საპატიო პრეზიდენტი. დაიბადა 1946 წელს. სწავლობდა მინსკის ელექტრონული კომუნიკაციების ტექნიკურ სკოლაში (1962-1966), მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტსა (1971) და მინსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე (1973).  

1970 წლიდან ეწევა პროფესიონალურ სამწერლო მოღვაწეობას, არის პოეზიისა და პროზის მრავალი კრებულის ავტორი, ეროვნული და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი. 2011 წლის ნობელის პრემიის ნომინანტი; იყო მრავალი ჟურნალ-გაზეთის რედაქტორი და ბელარუსის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1999-2001).

პოლიტიკური მიზეზით 1999-2004 წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში ვარშავასა და ჰელსინკიში.  2010 წელს გახდა საზოგადოებრივი მოძრაობის „თქვი სიმართლე!“ ლიდერი. დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. არჩევნების დღეს დააპატიმრეს. ციხეში დაწერა წიგნი „წერილები თავისუფლებას“, რომელმაც შვედური პენ-ცენტრის პრემია მოუტანა. ციხიდან გაათავისუფლეს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა საერთაშორისო პროტესტის შედეგად.

ბელარუსში 2020 წლის აგვისტოს რევოლუციის შემდეგ დაწყებული რეპრესიების გამო ვლადიმირ ნეკლიაევმა იძულებით დატოვა ქვეყანა, რის შემდეგაც ცხოვრობს და მოღვაწეობს პოლონეთში.