ვალჟინა მორტი

პოეტი, დაიბადა 1981 წელს ქალაქ მინსკში. დაამთავრა მინსკის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი. თარგმნიდა პოლონელ და ინგლისელ პოეტებს. მონაწილეობდა პოეტურ ფესტივალებში ჰოლანდიაში, გერმანიაში, ირლანდიაში, ლიტვაში, სლოვენიაში და შვედეთში.

2006 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში და ასევე წერს ინგლისურ ენაზეც. გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული. მათ შორისაა "ცრემლების ფაბრიკა" (კანიონ პრესი, 2008), რომელიც პირველ ბელარუსულ-ინგლისურ პოეტურ კრებულს წარმოადგენს, გამოცემულს ამერიკაში. მისი ლექსები თარგმნილია პოლონურ, ლიტვურ, ლატვიურ, სლოვენიურ, ბულგარულ, უკრაინულ ენებზე. 2004 წელს სლოვენიაში საუკეთესო პოეტური პერფორმანსისთვის მიღებული აქვს ვილენიცას კრისტალ-პრემია.

 

ორი ევა

მარია პეტროვნა,
თქვენი ორი ნაწნავი
მკერდზე გადებული რკინიგზის რელსებია.

ამ ნაწნავებით მიემართებიან მატარებლები.
თქვენი შვილიშვილი უკრავს სავიოლინო 
კონცერტს ჯიბის დანით
მატარებლის ფანჯარაზე.

ფანჯრებიდან ჩანს - მუდმივად წითელი ფიჭვები.
მატარებელი მას ეუბნება:
კიდევკიდევკიდევკიდევ.

მარია პეტროვნა,
პირი მხრების სიგანეზეა!

მარია პეტროვნა,
ეს ნაწნავებია თუ შავი საბურავების ნაკვალევი?

მარია პეტროვნა აცხობს რუხ პურს.

მთვარის ნეკნი 
დაბრძანდა სამზარეულოს მაგიდაზე.

გამოძერწეთ თქვენთვის, მარია პეტროვნა,
პატარა ევა,
თქვენს გასახარებლად,
ქათმების დასაცინად.

 

                   ინგლისურიდან თარგმნა დავით ჩიხლაძემ