სერგეი ტიმოფეევი

სერგეი ტიმოფეევი რიგაში, ლატვიაში დაიბადა 1970 წელს, რუსული წარმოშობის ოჯახში. არის ცხრა პოეტური კრებულის ავტორი. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ფესტივალში შვედეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, სლოვენიაში, საქართველოში, სლოვაკეთში. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, იტალიურ, შვედურ, გერმანულ, ქართულ, უკრაინულ და სხვა ენებზე და შეტანილია სხვადასხვა საერთაშორისო ანთოლოგიებში. მისი პოეტური კრებულები გამოცემულია იტალიაში, საქართველოში, მაკედონიასა და ესტონეთში. 

სერგეი არის მულტიმედიური პოეზიის პროექტის „ორბიტას“ (1999, www.orbita.lv) ერთ-ერთი დამაარსებელი. მიღებული აქვს მონაწილეობა „ორბიტას“ ყველა მთავარ პროექტში - საგამომცემლოში, პერფორმანსებში, მეკობრულ პოეტურ-რადიო აქტივობებში, ინსტალაციებსა და გამოფენებში. 

იგი ერთ-ერთი პირველი იყო პოსტსაბჭოთა კულტურულ სივრცეში, ვინც ვიდეოპოეზიის ჟანრში დაიწყო მუშაობა. მისი პირველი ვიდეოპოეტური ნამუშევარი „ორკესტრის რეპეტიცია“ 1993 წელს კინოხელოვან ვიქტორ ვილქსთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

თარგმნიდა „რიგის ახალი თეატრის“ პერფორმანსებს და ლატვიურ ფილმებს ლატვიურიდან რუსულ ენაზე. ასევე ლატვიელი ავტორების, ანდრის აკმენტინშის, არვის ვიგულსის, ტომს ტრეიბერგსის, კარლის ვერდინშის და სხვების პოეზიას. 

 

განცხადება

ვყიდი, რადგან ვიყიდე.

ვიყიდე, რადგან გვერდით ჩავუარე,

გვერდით ჩავუარე, რადგან გაზაფხული იყო,

გაზაფხული იყო, რადგან ზამთარი არაა უსასრულო.

ზამთარი არაა უსასრულო, რადგან ჩვენც არ ვიქნებით სამუდამოდ.

ჩვენც არ ვიქნებით სამუდამოდ, რადგან სხვანაირად მოსაწყენი იქნებოდა.

მოსაწყენი იქნებოდა, რადგან არც დასაწყისი იქნებოდა, არც დასასრული,

არც დასაწყისი იქნებოდა, არც დასასრული, რადგან ასეა მოწყობილი ყველაფერი.

ასეა მოწყობილი ყველაფერი, ამიტომაც ვყიდი. 

 

თარგმნა ნენე გიორგაძემ