იბრაჰიმ ალ-ქუნი

იბრაჰიმ ალ-ქუნი, ლიბიელი პროზაიკოსი, ნოველისტი და რომანისტი, თანამედროვე არაბული ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად მიიჩნევა. წარმოშობით ტუარეგი იბრაჰიმ ალ-ქუნი 1948 წელს დაიბადა და გაიზარდა ლიბიის უდაბნოს (წითელი ჰამადას) მახლობლად, ფეზანის ოაზისებში მდებარე პატარა ქალაქ ღადამესში. ბავშვობიდან შეისისხლხორცა უდაბნო, გაიზარდა ტუარეგული ცხოვრების წესითა და მორალით. მითოლოგიური ელემენტები, სულიერი ძიებანი და ეგზისტენციალური კითხვები სუფიური ფაბულებითა და რომანული პოეტიკით ალ-ქუნის მწერლობას მაგიური რეალიზმის ელფერს ანიჭებს.  არაბულად წერა-კითხვა თორმეტი წლისამ დაიწყო. 1977 წელს დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი მოსკოვში, სადაც რუსულ ენას, მარქსისტულ ფილოსოფიასა და შედარებით ლიტერატურას სწავლობდა. შემდეგ იყო ლიბიის ახალი ამბების სააგენტოს კორესპონდენტი. ვიდრე 1993 წელს შვეიცარიაში გადავიდოდა საცხოვრებლად,  ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ ვარშავაში მუშაობდა ლიბიის კულტურის ცენტრში. იბრაჰიმ ალ-ქუნი  არის მრავალი არაბული და საერთაშორისო ლიტერატურული პრიზისა და ჯილდოს მფლობელი, მათ შორისაა მუჰამედ ზაფზაფის არაბული რომანის პრიზი (2005) და შეიხ ზაიდის პრიზი ლიტერატურაში (2008). მისი წიგნები თარგმნილია 35 ენაზე. იბრაჰიმ ალ-ქუნი 2015 წელს ბუკერის საერთაშორისო პრიზის ნომინანტთა მოკლე სიაში მოხვდა. მისი რომანი „ოქროს ქვიშა“  ქართულად 2016 წელს ხოლო ,,ქვიდან ნაჟური სისხლი"  2017 წელს გამოიცა.