ინგა გაილე (ლატვია)

ინგა გაილე არის შვიდი პოეტური კრებულის, ხუთი რომანის და მოთხრობების ერთი კრებულის ავტორი. ის ლატვიის პენ-ცენტრის პრეზიდენტი და რიგაში ქალთა stand up ჯგუფის ორგანიზატორია.

გამოცემული აქვს პოეტური კრებულები  ინგლისურ, ესპანურ და პოლონურ ენებზე. მისი პოეზიის კრებული “30 შეკითხვა, რომლებსაც არ კითხულობენ”  გამოიცა აშშ-ში, პერუსა და ესპანეთში. მექსიკური გამოცემა 2023 წელსაა დაგეგმილი.

მიღებული აქვს ლატვიური ლიტერატურის პრემია პოეტური კრებულისთვის “ესმის თუ არა მეორე ჯგუფს ჩემი?” ანა დაგდასა და ოიარა ვაციეშას  ჯილდოები პოეტური კრებულისთვის “ტირილისას არ უნდა იცინო”, ოიარა ვაციეშას და პოეზიის დღეების პრემია პოეტური კრებულისთვის “ნამცხვრების მარია”, პოეზიის დღის პრიზი კრებულისთვის “ნისლი”.

2016 წელს გამოიცა გაილეს პირველი რომანი “შუშის ნატეხები”. მისმა რომანმა „ლამაზები“ 2019 წელს მიიღო ლატვიური ლიტერატურის პრიზი წლის საუკეთესო წიგნისთვის. ინგას ბოლო რომანი Cutie Pie ტრაგიკომედიაა განქორწინების, სექსისა და მიზოგინიის შესახებ. ინგა გაილე უნიკალური იუმორით იკვლევს ყოფიერების დაფარულ მხარეებს, აღწერს საკუთარ გამოცდილებას, ქალების და საზოგადოების სტიგმატიზებული ჯგუფების ყოველდღიურობას და იბრძვის თანაბარი უფლებებისთვის.

 

 

ელისაბედის თავი

 

ნაყოფიერებაზე ფიქრისას ერთადერთი დანაწევრება

თავის ტანისგან განცალკევებაა!

სხივი ეცემა ფაფუკ ბალახში, როგორც

გასხივოსნებული კეისარი მაქმანიანი საცვლებით -

არანაირი სიბნელე, გაძევება, ჭუჭყი,

ამისთვის ბოლო-ბოლო არსებობენ მოახლეები.

მხოლოდ და მხოლოდ არცთუ ისე რთული საფორტეპიანო მუსიკა,

ავტორის შესრულებით.

 

როცა სინათლის სხივმა სიცოცხლე შობა,

საკუთარი მოვალეობა აღასრულა!

ქალების საკითხი უხერხული და გაუგებარი

გვეჩვენება, ამიტომ:

იცეკვეთ, გოგოებო, იცეკვეთ,

დაე, მზის სხივებმა თქვენი კალთებიდან

მოგვწყვიტონ თავები,

რომელთაც მივართმევთ ერთმანეთს,

ლითონის ლანგარზე დაწყობილს,

ნათელი მომავლის სახელით.

 

ლატვიურიდან თარგმნა ნინო იაკობიძემ