იან ბაკე (ნიდერლანდები)

იან ბაკე (ნიდერლანდები) 

იან ბაკე (1956) პოეტი, მთარგმნელი და კურატორია. 1997 წელს გამოვიდა მისი პირველი ლექსების კრებული “არასოდეს ცხენების გარეშე”. კრებულისთვის “სეზონური ჭორი” (2015) იანმა 2016 წელს იან კამპერტის პოეზიის პრესტიჟული პრემია მიიღო. მისი ბოლო კრებული “არასწორი გული” 2022 წელს გამოიცა. 

იან ბაკეს ტექსტები ბევრ ჟურნალსა და ანთოლოგიაშია დაბეჭდილი, როგორც ნიდერლანდებში, ისე საზღვარგარეთ. 2020 წელს მისი წიგნი “ფაქტებზე მეტი” ბრიტანეთსა და ბელგიაში გამოიცა. 

2006 წლიდან მუშაობს ვიზუალურ ხელოვან და კომპოზიტორ ალფრედ მარსელთან ერთად. მათი დუეტი სახელწოდებით “საჯარო ფიქრი” ფილმებს, დატა ლექსებს (მონაცემთა ტრეფიკით შექმნილი ტექსტები და იმიჯები), მუსიკალურ ნაწარმოებებს და ინსტალაციებს ქმნის.

იან ბაკეს თარგმნილი აქვს ლიზ ლოკჰედის, დერინ რის-ჯონსის, ე.ე. ქამინგსის, ნორბერტ ჰუმელტის, დერეკ უოლკოტის და ჯეკ სპაისერის ლექსები. ასევე იყო ესეების კრებულის, “სიმართლე არის ქალი” (2012) თანაავტორი და რედაქტორი. კრებული როლანდ ბარტის ცნობილი ნაშრომის “მითოლოგიების” გამოხმაურებაა.

იან ბაკე არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის Poetry International-ის პროგრამის ერთ-ერთი დირექტორი, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქალაქ როტერდამში.

 

არც პრეტენზია, არც ხმა

მოვაგროვე ჩემი გულის ნამტვრევები

და გავიფიქრე, როგორ გინდა, უცებ შეუდგე

ამ ახალ, მარად და იმავე დროებას ისევ.

 

ჩავრთე სიმღერა, რომელშიაც ჩამალული იყო შენი ხმა,

და გავრეცხე ის ტანისამოსი, ვეღარასდროს რომ ვერ ჩაიცვამ.

 

გაგაცილე, დაგემშვიდობე და აგიხსენი,

რომ ყვავილებმაც და სტუმრებმაც რაც შეეძლოთ, ყველაფერი ქნეს.

პრეტენზია არ გამოგითქვამს, მეტიც - ხმაც არ ამოგიღია.

 

წამოვედი სახლში, რათა მივალაგო სუყველაფერი.

ვნახავ ერთი, ვინიცობაა სკამებს და საწოლს

და შენი პალტოს სიცარიელეს რამე ჰქონდეთ ჩემთვის სათქმელი.

 

ჰოლანდიურიდან თარგმნეს დათო ღოლიჯაშვილმა და შოთა იათაშვილმა.