დაიბადა ნიუ იორკში 1942 წელს. ის ხშირადაა ასოცირებული L=A=N=G=U=A=G=E-ის პოეტურ სკოლასთან. მისი ტექსტები უპირისპირდება რეპრეზენტაციის ცნებას და ენობრივ სტანდარტებს, და იკვლევს პოეზიის მოქმედების სივრცეს. მას მიღებული აქვს “ხელოვნების უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის“ ორი გრანტი, „გუგენჰაიმის ფონდის“ სტიპენდია, „შელის“ მემორიალური პრემია „ამერიკის პოეტური საზოგადოებისგან“. 2006 წელს გადაეცა უოლეს სტივენსის პრემია. 1999 წელს აირჩიეს „ამერიკელი პოეტების აკადემიის“ ხელმძღვანელად. დღეს იგი სან ფრანცისკოში ცხოვრობს.
მაიკლ პალმერი ნათარგმნია ბევრ ენაზე და მას გამოცემული აქვს მრავალი პოეტური კრებული, მათ შორის: „ძაფი“ (2011); „ჩრჩილების კომპანია“ (2005), რომელიც კანადური „გრიფინის პოეტური პრემიის“ მოკლე სიაში მოხვდა; „შუშის დაპირებები“ (2000); „ლაიონ ბრიჯი“ - რჩეული ლექსები 1972-1995 (1998); „მზე“ (1988); „პირველი ფიგურა“ (1984); “ექოს ტბის ჩანაწერები“ (1981); „მუსიკის გარეშე“ (1977); „წრიული კარიბჭეები“ (1974); „ბლეიკის ნიუტონი“ (1972). ავტორს ასევე გამოცემული აქვს ერთი პროზაული ტექსტი „დანიური ჟურნალი“ (1999).
თბილისის ფიქრები
უნდა დაიკიდო სიჩუმე
ლექსის მარცხენა მხარის.
უნდა დაიკიდო ყმუილი
ლექსის მარჯვენა მხარის.
და დაიკიდო პატარა ჯარისკაცები ქალაქის კარიბჭეებში
ხიშტებზე წაწერილი ობოლი ლექსებით
ნუ მიაქცევ ყურადღებას
ვირთხებს ბეღელში
ან ქურდებს
რომლებიც მოიპარავენ
ცისკრის ნათელს ლექსიდან
და ჩირაღდნის შუქს ლექსიდან
და შინაგან ნათელს ლექსიდან
და ლექსის სიბნელეს ლექსიდან
უნდა დაიკიდო
ლექსის სექსი,
თუ შეგიძლია
თუ შეგიძლია
არასოდეს უთხრა ლექსს,
რა უნდა გაკეთდეს.
არ სთხოვო დანდობა ლექსს
რაკი ეს მას არ ძალუძს ისედაც.
არ ჰკითხო, რა ენაზე ლაპარაკობს
რაკი პასუხი არ არსებობს.
გახსოვდეს, სიბნელეც და სინათლეც
ერთია,
თუ შენ შეგიძლია
თუ შენ შეგიძლია,
რომ მე და შენ იყოს ერთი და იგივე
და იგივე იყოს მაღლა და დაბლა
შორს და ახლოს
შემოიხვიე სიტყვები, რომლებიც არ გესმის.
ინგლისურიდან თარგმნა პაატა შამუგიამ