პოეტი, პერფორმერი და პუბლიცისტი. დაიბადა მოსკოვში 1947 წელს. იგი რუსული ავანგარდის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ერთ-ერთი პირველი კონცეპტუალისტი მწერალი ვსელოვოდ ნეკრასოვსა და დიმიტრი პრიგოვთან ერთად.
1971 წელს რუბინშტეინმა დაამთავრა პედაგოგიკის ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. წერა 60-იან წლებში დაიწყო. 70-იან წლებში განავითარა საკუთარი, „კარტოთეკის” ჟანრი, რომელიც აერთიანებს სამწერლო, ვიზუალურ და პერფორმატორულ ხელოვნებას. მისი ლექსები არღვევს სიტყვიერი და ვიზუალური გამომხატველობის საზღვრებს.
1999 წელს რუბინშტაინმა მიიღო ანდრეი ბელის რუსული ლიტერატურის პრემია.
მისი ტექსტები გვიან 70-იანებში გამოიცა დასავლურ ქვეყნებში - რუსულად და თარგმანში. აქედან მხოლოდ 10 წლის შემდეგ გამოქვეყნდა რუსეთში მისი ლექსები პირველად.
რამეთუ თქმულა
(ნაწყვეტი)
1. მარადისობის წინასწარგანცდაში ჩვენ არ ძალგვიძს შინაგანად გატოკება ჩვენი ხელ-ფეხის, რამეთუ
თქმულა: „აი, მოხვედი შენ, როგორც იქნა. მე რა ხანია, რაც გელოდები“.
2. რაც მკვეთრად არ ჩანს, ყურადღების ღირსი ისაა, რამეთუ თქმულა: „მფრინავ ჭრიჭინას ფრთებს ვერ შეუმჩნევ“.
3. მობიბინე მინდვრების თავზე უდარდელად ფარფატშიც კი არის განგაში, რამეთუ თქმულა: „მხიარულება არ არსებობს ერთსახოვანი“.
4. მდგომარეობის სწრაფ ცვლას არაა საჭირო, რომ ვუშინდებოდეთ, რამეთუ თქმულა: „ბუნებრივია მხოლოდ ის, რაც წარმავალია“.
5. მდგომარეობის აბსოლუტური უცვლელობაც ნუ შეგვაწუხებს მაინცდამაინც, რამეთუ თქმულა: „ბუნებრივია მხოლოდ ის, რაც წარმავალია“.
6. არაა საჭირო გაკეთება შედარებების, რამეთუ თქმულა: „ცოცხალი არის შეუდარები“.
7. სიტუაციის გაურკვევლობას ყურადღება არ მივაქციოთ, რამეთუ თქმულა: „ნისლი მისანს ხელს ვერ შეუშლის“.
8. წინასწარ განჭვრეტილ მოვლენათა ზუსტ თარიღებს ნუ დავაზუსტებთ, რამეთუ თქმულა: „მერცხალი დროზე ადრე არასდროს აჭიკჭიკდება“.
9. საჭიროა, რომ ვამტკიცოთ ასე ჯიუტად საკუთარი სიმართლე მაშინ, როდესაც თქმულა: „რად ყვირიხარ? ვის ესმის შენი?“.
10. მნიშვნელობა აქვს, რას მივამსგავსებთ ღრუბელს, რომელიც ჩვენს თავს ზემოთ სადღაც მიცურავს? ხომ თქმულა, რომ „ღრუბელი ჰგავს ადამიანს - მასსავით სადღაც მიემართება...“
რუსულიდან თარგმნა შოთა იათაშვილმა