მარლენ ტისო დაიბადა 1971 წელს, პირველი ლექსი დაწერა 10 წლის ასაკში და მას შემდეგ არ შეუწყვეტია წერა. არასდროს უსწავლია ლიტერატურა პროფესიონალურად, სამაგიეროდ, შეისწავლა (ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზით) ელექტრონიკა და კომპიუტერული პროგრამირება. 30 წლის ასაკამდე არ გაუმჟღავნებია ლიტერატურული ინტერესი და მხოლოდ ორიათასიანი წლებიდან დაიწყო ტექსტების გამოქვეყნება ინტერნეტში.
მისი პირველი პოეტური კრებული „ჩვენი წილი უდაბური მიწები“ 2010 წელს გამოიცა. იმავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი რომანიც „უკუღმა ნაქსოვი“. მთლიანობაში, გამოქვეყნებული აქვს 10 პოეტური კრებული, ორი რომანი და მოკლე მოთხრობები. მისმა ერთ-ერთმა მოთხრობამ მოიპოვა საფრანგეთის კულტურის პრემია აუდიოწიგნებისთვის. ტისოს ერთ-ერთი კრებული „ფარდაგების ყვავილებქვეშ“ (2013) დაჯილდოვდა CoPo-ს პრიზით და ითარგმნა ქართულად მაია ქაცანაშვილის მიერ. ტისოს ბოლოდროინდელი კრებულებია: „ჩიხში მოქცეული ხმა“ (2020), „Life is a Beatles’ song“ (2020), „გადახაზული სიტყვები“ (2020) და „17 სთ. 30 წუთი“ (2022).
მარლენ ტისოს ახასიათებს მშფოთვარე ძილი, კითხულობს ბევრს, მეტისმეტად მაღალ ხმაზე უსმენს მუსიკას და უყვარს წერა ძველებურ რვეულებში.