კარლის ვერდინში დაიბადა 1979 წელს. მუშაობს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ლატვიის ხელოვნების აკადემიაში, ხოლო უფროს მკვლევრად - ლატვიის უნივერსიტეტის ლიტერატურის, ფოლკლორისა და ხელოვნების ინსტიტუტში. 2009 წელს მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი ლატვიური ლიტერატურის განხრით ლატვიის უნივერსიტეტში, ხოლო 2022 წელს - ვაშინგტონის უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დარგში.
არის 5 პოეტური კრებულის ავტორი. ესენია: „ყინულმჭრელები“ (2001), „ხაჭო არაჟნით“ (2004), „მე“ (2008), „ზრდასრულები“ (2015), „მზა პოეზია“ (2020) და „ლივონური ბალადები“ (2023). გამოცემული აქვს, ასევე, საბავშვო პოეზიის 4 კრებული: „ანბანის წვნიანი“ (2007), „მამიკო“ (2016), „დეიდა დილი“ (2018) და „მხიარული წვეულება“ (2023).
ვერდინშის ლექსების თარგმანები გამოცემულია ცალკეულ კრებულებად რუსულ, პოლონურ, ჩეხურ, ინგლისურ, ესპანურ, სლოვენიურ, ლიეტუვურ, ფრანგულ და ფინურ ენებზე.
მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: გაზეთ „დიენას“ ჯილდო კულტურის სფეროში (2001, 2008, 2015), „პოეზიის დღე“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის (2008), იანის ბალტვიკლსის პრემია საბავშვო ლიტერატურაში (2016), პრემია პოეზიის საუკეთესო კრებულისთვის (2016), პრემია საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში ემილი დიკინსონის რჩეული ლექსებისთვის (2018) და ლატვიის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია საუკეთესო საბავშვო წიგნისთვის (2024).
ვერდინშს ნათარგმნი აქვს ტ. ს. ელიოტის, უოლტ უიტმენის, ემილი დიკინსონის, უ. ბ. იეიტსის, გეორგ თრაკლის, მიხაილ კუზმინის, იოსებ ბროდსკის, კონსტანტინ ბიბლის, ლევ რუბინშტეინის და სხვა ევროპელ, ამერიკელ და ლატვიაში მცხოვრებ რუს პოეტთა ნაწარმოებები.