გიუნელ მოვლუდი დაიბადა 1981 წელს. 2003 წელს დაამთავრა კულტურისა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნატიფი ხელოვნების განხრით და დაიწყო ჟურნალისტად მუშაობა. 1993 წელს ომის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდებარე მშობლიური ქალაქი, რის შემდეგაც 5 წელი გაატარა აზერბაიჯანის საბირაბადის რეგიონში მოწყობილ დევნილთა ბანაკში.
2012 წელს შტატგარეშე თანამშრომლად დაიწყო მუშაობა „აზადლიქში“ - რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულენოვან განყოფილებაში, ხოლო 2013 წელს რედაქტორისა და მწერლის სტატუსით შეუერთდა „Meydan TV“-ს.
მოვლუდს გამოქვეყნებული აქვს 3 პოეტური კრებული: „სიბნელე და ჩვენ“ (2004), „5 XL“ (2011) და „პასუხი გვიან ნაშუადღევს“ (2013). მისი ლექსები და რომანები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ, ქართულ, სომხურ, უკრაინულ, გერმანულ და ნორვეგიულ ენებზე.
მოვლუდს რუსულიდან აზერბაიჯანულად ნათარგმნი აქვს სამი წიგნი: ვიქტორ პელევინის „ომან რა“, გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“ და სტენდალის „წითელი და შავი“.
გიუნელ მოვლუდის ნაწარმოებებისა და პუბლიკაციების მთავარი თემებია: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, უმცირესობათა უფლებები, მშვიდობის დაცვა და საკაცობრიო ღირებულებები.
2024 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა მისი რომანი „ბანაკი“ (მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი).