იაცეკ დენელი (1980, გდანსკი) პოლონელი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და მხატვარია. სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინარულ კოლეჯში, პოლონური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
მის პირველ ლექსების კრებულს კარგი გამოხმაურება ჰქონდა ნობელის პრემიის ლაურეატ ჩესლავ მილოშისგან. გამოცემული აქვს ათი პოეტური კრებული, ხუთი რომანი და რამდენიმე მოთხრობების კრებული. იაცეკ დენელი ასევე პოლონურ ენაზე თარგმნის სხვადასხვა ავტორს, მათ შორის ფილიპ ლარკინის, ჰენრი ჯეიმსის, ედმუნდ ვაითის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის, ჯ.მ კუტზეეს და სხვების ნაწარმოებებს. მისი წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი. რომანი “ლალა” ქართულადაცაა გამოცემული (“ინტელექტი”, 2022. მთარგმნელი - მირანდა გურგენიძე). იაცეკი თავის პარტნიორთან, პიოტრ ტარჩინსკისთან ერთად გამოსცემს ძველმოდურ დეტექტიურ რომანებს მარილა ზიმიჩკოვას ფსევდონიმით. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია, მათ შორის Kościelski Award და Paszport Polityki.
ლალა
(ფრაგმენტი)
სახლი ოლივაში ახლა უკვე სხვანაირად გამოიყურება, ხოლო როცა ბებია ამქვეყნიდან წავა, და ძალიან მალე დადგება ეს დღე, ახლა სრულიად წყნარად შემიძლია ესდავწერო; ჯერ ერთი რომ ყველანი კარგა ხანია შევეგუეთ ამ აზრს, და კიდევ იმიტომ, ბებია ამას მაინც ვერასოდეს წაიკითხავს, რადგან უკვე საერთოდ აღარ კითხულობს, აქაურობა ისე შეიცვლება, ვეღარავინ იცნობს. ნივთები მემკვიდრეობით გადაეცემა ახალ მფლობელებს და სხვა ბინებში მიეჩინებათ თაროებსა და კარადებში ახალი ადგილები. სტენდალი იულეკის ნაჩუქრობის წარწერით, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ფლობერის „სამი მოთხრობის“ გვერდიგვერდ იდო, უკვე სხვა წიგნებს შორის მოთავსდება. რა ბედი ეწევა მინის ჭურჭლის კოლექციას, იმ სამას თუ ოთხასიოდე მინის ლარნაკს, ბოკალს, დოქსა თუ ბოთლს, წითლებს, საფირონის ფერებს, მოყვითალო-მომწვანოებს, ბუშტუკებიანებსა და უბუშტუკოებს, ცისარტყელას ფერებს, დაბზარულებსა და მოჭიქულებს? მოხუცი როდესაც ჩინელი იმპერატრიცას მსგავსად ზის, თანაც დავიწყებია ძალაუფლება და მოვალეობანი, პლედებსა და დათბილულ ჟილეტებშია უცნაურად გახვეული, და მაინც ასე გამხდარი, მსუბუქი და დალეულია, ძნელი შესათავსებელია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ჩვენს მეხსიერებასთან, რომელშიც არაა ცხვირის მოწმენდის, პამპერსების გამოცვლისა და ხანგრძლივი დუმილის ადგილი. მხოლოდ ესაა, რომ იღიმის, ამიტომაც შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ, რომ თავისებურად ბედნიერია, თუმცა, ეს იგივეა, რაც აქტინიების ან მარჯნის რიფების გრძნობებზე ილაპარაკო. ამგვარად, ასეთია ამ ისტორიის დასასრული. მაგრამ სად იწყება?