პოლინ პიკო (1990) ფრანგი პოეტი და დრამატურგია. მისი ტექსტები 2012 წლიდან ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალსა და სოციალურ მედიაში. მისი რამდენიმე ტექსტის ბაჩანა ჩაბრაძისეული თარგმანები ქართულ ჟურნალებშიც დაიბეჭდა (“ინდიგო”, 2017 და “თეატრი”, 2019). პიკო წერს ისეთ თემებზე, როგორიცაა ვნება, სოციალური უსამართლობა, ფსიქიკური აშლილობა, სხეული და ფემინურობა. მისი ბოლო პიესა “თქვენი სულიერი და შესაძლოა ამ ტყეში იყოს” (2022) პარიზის Théâtre du Rond-Point-ში დაიდგა 2023 წლის თებერვალში. 2019 წლიდან იგი ასევე ქმნის პერფორმანსების ფოტო-სერიას სხვადასხვა თემაზე: კონკურენციის იმპერატიულობასა და ყოველდღიურ მარტოობაზე. ბოლო ასეთი ციკლი “მტირალა” 2023 წლის იანვარში დაიწყო. პოლინ პიკო ასევე არის თეატრის კვლევების მეცნიერებათა დოქტორი და ასწავლის საფრანგეთის უნივერსიტეტებში.
* * *
ღმერთო ჩემო ხომ შეიძლება
ერთი ბომბიც კი არ აფეთქდეს
დღეს ჩემს ქუჩაზე
და ნაფლეთებად არც კი იქცეს ჩემი სხეული
არავინ მოკლას მამაჩემი
და არ აწამოს დედაჩემი
ღმერთო ჩემო ხომ შეიძლება
არ ვცხოვრობდე სულაც ხარკივში
არ ვცხოვრობდე ისრაელსტინში
არ ვცხოვრობდე თავშესაფარში
და ვცხოვრობდე ფუფუნებაში
ღმერთო ჩემო ხომ შეიძლება
თავს დამატყდეს ეს სასტიკი შემთხვევითობა
და მთელ სხეულზე მთელ არსებაზე
ტვირთად დამაწვეს
სიხარულის მოვალეობა
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ