ბობ ჰოლმანი (1948) არის Bowery Poetry Club-ის (ნიუ-იორკი) დამფუძნებელი და 22 პოეტური კრებულის ავტორი. მის გამოცემებს შორისაა: პოეტური კრებულები “უთქმელი” და “ცხოვრების ლექსი”; “ბობ ჰოლმანის ინდური დღიურები”, “ამოჭრილები” და “შენც მიმღერე ეს სიმღერა”. ასწავლიდა პრინსტონის, კოლუმბიის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში. როგორც ერთ-ერთმა პირველმა სლემ-მასტერმა, “ნიუიორკელი პოეტების კაფეს” დირექტორმა და პირველი spoken word პოეზიის ლეიბლის დამფუძნებელმა, ჰოლმანმა დიდი წვლილი შეიტანა spoken word-ის, სლემის და ციფრული პოეზიის მოძრაობის განვითარებაში ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე.
ბობ ჰოლმანის სასცენო გამოსვლების რაოდენობა 1000-ს აჭარბებს. იგი მრავალი სცენის სტუმარი ყოფილა, მედისონ სქუეარ გარდენიდან როკ სტადიონებამდე, ეკლესიების სარდაფებიდან ეთიოპიის თაფლის ღვინის ბარებამდე. იგი არის გადაშენების პირას მყოფი ენების ალიანსის თანადამფუძნებელი. ასეთი ენებით მისი ინტერესი ჰიპ-ჰოპისა და დასავლეთ აფრიკული ზეპირმეტყველების ტრადიციის კვლევიდან მომდინარეობს. არის არაერთი ფილმის ავტორი, მათ შორისაა “პოეზიის შეერთებული შტატები” - PBS-ის სერიალი, რომელმაც საზოგადოებრივი ტელევიზიის პრემია მიიღო. მისი ფილმი ენის დაკარგვისა და გაცოცხლების შესახებ - “ენის საკითხები ბობ ჰოლმანთან ერთად” ბერკლის კინოფესტივალის წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ტიტულით დაჯილდოვდა.
2018 წელს ჰოლმანს The Chambra d'Òc Premio Ostana-ს ჯილდო გადაეცა ენების გაცოცხლებაში შეტანილი წვლილისთვის. 2023 წლის სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენეს მარკ ლევინის ფილმი “სლემის ციფრული აღდგენა”, სოლ უილიამსისა და სონია სონის მონაწილეობით. ფილმს საფუძველი 25 წლის წინ ნიუიორკელი პოეტების კაფეში ჩაეყარა, როცა ბობ ჰოლმანი კაფის მთავარი ემ-სი იყო (Master of Ceremonies). პრემიერის დროს მან ეს როლი სანდენსის სცენაზე თავიდან მოირგო.
ჩვენ ვართ დინოზავრები
წიხლებით გააღეთ სამოთხის კარები!
ვაჰ, ამ ხალხს რატომ აქვს აქ გლოვის ზარები?
ჩავმარხე თესლი, ამოდის თოფები
დამ დე დამ დამ დამ დამ დუმ დებილი
ცხოვრება ბუნტია მულტფილმში მომხდარი
გამყინვარება სანაგვეში - ჩვენი ოთახი
ცეცხლი წაუკიდეთ სახურავს - ხედი რომ არიოს
გლობალური დათბობა არ არის გართობა - ადიოს!
ჩვენ ვართ დინოზავრები
დედამიწის მგზავრები
რაც ვითხოვეთ, უკვე გვაქვს,
დაემგზავრეთ დინოზავრს!
ჰო ჰო ჰომო საპიენსი
არის არც ისე ჭკვიანი
კა კა კამიკაძე, ძმაო,
საითაა კიდობანი?
911-ზე რეკავს მთელი მსოფლიო და ხალხიო,
ნიშანი "არ გადახვიდეთ" შეიცვალა ნიშნით "ჯობია დაახვიო"
რასაც ველოდებით დიდი ხანია აქ არის
დამ-დე-დამ დამ დამ დამ და დამ დირა დამდარიმ
ვკვეთ მცხუნვარე უდაბნოს კოტიტა ფეხებით
დიზელის საწვავად ვერ იქცევი, თუ კუჭს ლუკმა არ ეხება
სჯობს სწრაფად დაგვიჭიროთ - ძალიან გავიჭერით
ჩვენ ვართ ფრთოსნების წინაპრები საკუთარი გადაშენება რომ დავიჯერეთ.
იჩქარე, გადაშენდი! უკან წარსულში შებრუნდი!
მომავალი რომ გაგრძელდებოდა, ამას რანაირად ფიქრობდი?
სამყარო მთავრდება აფეთქებით, ასე რომ, ავყვეთ ბლანტ ციალს,
შევჭამოთ კანიბალი - კარგი კონტრასტია.
სასწრაფოს მძღოლები ბალზე მიქრიან როგორც ზომბები
სანტა, მომიტანე ნეიტრონული ბომბები
გადავამუშავოთ პლანეტა, სანამ ქნა რაიმე აბრუნდი,
მაგრამ, უკაცრავად, ჩემს გამოქვაბულში უნდა დავბრუნდე.
ჩვენ ვართ დინოზავრები
დედამიწის მგზავრები
რაც ვითხოვეთ, უკვე გვაქვს,
დაემგზავრეთ დინოზავრს!
ინგლისურიდან თარგმნა პაატა შამუგიამ