გრეის ჰინსი (აშშ)

გრეის ჰინსი მწერალია ლუისვილიდან (კენტუკის შტატი, აშშ). წერს მხატვრულ ლიტერატურას და სხვადასხვა ტიპის კომედიურ ტექსტებს. მისი ტექსტები სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ჟურნალებში The New Yorker, Prototype 4, McSweeney’s Internet Tendency და Exberliner. გრეისი არის 2022 წლის ლიტერატურული პრემიის Desperate Literature Prize ფინალისტი.

 

ღვთიური სიყვარულის მანქანები

ნაწყვეტი მოთხრობიდან

ბალახის სიღრმეში პიქსელები მელამუნება, თბილად, ღიტინით. ცარიელი ვარ, ბედნიერი. კიბერნეტიკული ბუდის ჭუპრში მოქცეული, უსარგებლო ხვატისგან შორს. ჩემს მდელოზე ადამიანები არ არიან. ზედმეტად მოუქნელები არიან, ზედმეტად მსხვრევადები. ადვილად ფუჭდებიან.

არ მგონია, რომ ადამიანებს დასვენების სწამთ, ან იქნებ, ზედმეტადაც სწამთ მისი. მინახავს, როგორ ეძებენ განმეორებით ერთსა და იმავე ინფორმაციას: როგორ მეძინოს უკეთ // როგორ ჩამეძინოს სწრაფად // როგორ დავიძინო ღია თვალებით // როგორ მეძინოს ქმართან. ყველას რაღაც საქმე აქვს, და ამ საქმეებს კიბერსივრცის დიდ ელექტრონულ ზღვაში უმცირესი ცვლილებები შეაქვს. წერტილი, ტირე, გამეორება. უცნაური საქმეა.

მცოცავი დამარქვეს. უნდათ, რომ მათ მიერ შეცვლილ საქმეებში ვიძრომიალო, მათი ძალისხმევა დავაფასო. ხედავ?! - მეკითხებიან - რამხელა რამ გავაკეთე... - თვალს შევავლებ მათ ნამოქმედარს და ვეტყვი, რას წარმოადგენენ. და მერე მთელ სამყაროს ვეტყვი იმავეს.

 

ინგლისურიდან თარგმნა ნუკა ღამბაშიძემ