კეი ოკამოტო (იაპონია)

კეი ოკამოტო დაიბადა 1983 წელს. ცხოვრობს და მუშაობს ტოკიოში. 

ლექსების წერა გვიან, ოცდაათს მიტანებულმა დაიწყო და პირველი პოეტური კრებული “გრაფიტი” 2014 წელს, აშშ-ში ცხოვრების დროს გამოაქვეყნა. ამ კრებულმა ავტორს პრემიები Nakahara Chuya Prize და Mr. H Prize მოუტანა. 2017 წელს კეის მეორე პოეტურმა კრებულმა “ზეკეის ჩანაწერი” (რომელიც სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მისი მოგზაურობის ქრონიკაა) იაპონიის ყველაზე პრესტიჟული პოეტური პრემია Hagiwara Sakutaro Award დაიმსახურა. მისი ბოლო პოეტური კრებული უძველეს იაპონურ დედაქალაქს, კიოტო ნარას ეხება.

 

ფორმა

ჩნდება თუ არა მაშინვე ქრება

ისე როგორც სიტყვა ან სუნთქვა

 

ფოთლები რომლებიც თან ირხევიან და

თანაც თრთიან

ყურებია მელიისა

მკვეთრად მოძრავი

სუბტიტრებივით

და გვატყობინებს მელიაობას

 

მე არა ვარ საკმარისი

ჩამომჭკნარი პომიდვრისთვისაც კი არა ვარ საკმარისი

მოლიცლიცე შუქისთვისაც კი არა ვარ საკმარისი

მკენკავი ციცქნა ჩიტისთვისაც კი არა ვარ საკმარისი

ობობის ფომფლო და წებოვანი  ქსელისთვისაც კი

 

ყველაფერში არის რაღაც

რაც საკმარისია

 

დამჭკნარი პომიდვრის

წითელ ნაყოფში

და მის კლდეში

გამჯდარ ფესვებში

თავისთავად იმ სამყაროში

სულ რომ გვაძრწუნებს

 

ერთი მარცვალი - ჯერაც უკმარი და საკმარისზე მეტი მაინც -

გავწმინდე და მოვიქციე

ნაზად კბილებში

უჰ მაგარია!

 

და მჟავე თანაც

 

იაპონურიდან თარგმნეს თათია მემარნიშვილმა და შოთა იათაშვილმა