სალიმ ბაბულაოღლი ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტია.
დაიბადა 1972 წლის 10 დეკემბერს, დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფაკულტეტი 1995 წელს. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად და რედაქტორად სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემასა და ტელევიზიაში. არის ჟურნალ “მსოფლიო ლიტერატურის” დამფუძნებელი. სალიმი აზერბაიჯანის მწერალთა კავშირისა და ბიშკეკის პენ-ცენტრის წევრია. მისი პოეტური კრებულებია: „მარტოსული“ (1996), „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ (2008), „წინადადება პირველი ასოს გარეშე“ (2021), „საუბარი ჩემს შვილთან“ (2022); ესეების კრებულები: „ლიტერატურული საუბრები“ (2011), „ლიტერატურული სიზმრები“ (2015) და სხვა. რედაქტირებული აქვს 200-ზე მეტი წიგნი და თარგმნილი აქვს ემინესკუს, პასტერნაკის, ელიოტის, ბორხესის, მილოშის, ტრანსტრომერის, ბროდსკისა და სხვების ლექსები. სალიმ ბაბულაოღლი იყო პროზისა და პოეზიის ქართული ანთოლოგიის ერთ-ერთი მთარგმნელი და შემდგენელი. ქართულად გამოცემულია მისი პოეტური კრებული “თოვლის განმარტება” (კავკასიური სახლი, 2009).
მიღებული აქვს რასულ რზას საერთაშორისო ჯილდო (აზერბაიჯანი, 2015), ივო ანდრიჩის მედალი (სერბეთის სამეფო აკადემია, 2019), ნიზამი განჯელის მედალი (აზერბაიჯანი, 2021), პერსონალის ოქროს მედალი (კიშინიოვი, 2023) და სხვა ჯილდოები.
არის European Poet of Freedom (პოლონეთი, გდანსკი, 2018) კონკურსის მონაწილე.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე.
„საღამოჟამის ჩანაწერები“
* * *
გინახავს ალბათ ბავშვები.
ომობანას თამაშისას კი არა,
ისე, უმიზეზოდ, ტყუილა რომ მორბიან,
წინ გაგიჩერდებიან და გეტყვიან,
აი, მე მოვკვდი...
ძირს გაიშოტებიან, ღიმილით თვალებს დახუჭავენ.
ცოტა ხნის შემდეგ კი სიცილით თვალს გაახელენ,
კისკისით დგებიან ფეხზე.
* * *
თოკზე ნაკიდი ნოხი ფრიალებს;
ვარდს ქედს უხრის ვაზის ფოთოლი;
ტირიფი თმას იშლის;
ჭიანჭველებს ემშვიდობება ვაშლის ყვავილი;
ხელისგულა მდელო ქვიშნარში „არა, არა“-ს
ეუბნება ფარფატა პეპლებს;
ბაღლინჯოები თავზე იყრიან მტვერს ნაცარყრილში.
მალემსრბოლებს უშვებს გვირილა ოთხსავე მხარეს;
წკირი მიწკრიალებს ერთ მოჭრილ კუნძზე;
გაუსწრო სადგურზე ხმამ მატარებელს;
ბორიალობს რელსებს შუა სიყვარულის შმაგი წერილი -
ქარი ქრის და
შენ რომ ტყუილი არ წამოგცდეს, ხმას იკმენდ ისევ.
აზერბაიჯანულიდან თარგმნა ოქტაი ქაზუმოვმა