9 -14 სექტემბერს თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქალაქს 11 ქვეყნიდან 14 ავტორი ეწვევა.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი თემაა „შინ“ - სახლი, როგორც ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი. პროგრამის სადისკუსიო თემები ამ სიმბოლოს და მის შინაარსს დაეთმობა.
ფესტივალის ტრადიციული ორგანიზატორი და მასპინძელია მწერალთა სახლი. კვირეულის განმავლობაში გაიმართება პოეზიის საღამოები, პანელ-დისკუსიები, წიგნების წარდგენები, შეხვედრები საინტერესო ავტორებთან.
თბილისის მე-7 საერთაშორისო ფესტივალის უცხოეული სტუმრები არიან: ანდრი ლიუბკა (უკრაინა), მარტინ სოლოტრუკი (სლოვაკეთი), ჯესიკა ტრეინორი (ირლანდია), ჯონ ო’დონელი (ირლანდია), გრეტა ამბრაზაიტე (ლიტვა), დომინიკას ნორკუნასი (ლიტვა), სერგეი ტიმოფეევი (ლატვია), დმიტრი სტროცევი (ბელარუსი), არიანე ფონ გრაფენრიდი (შვეიცარია), იუსტინა ბარგელსკა (პოლონეთი), კშიშტოფ ჩიჟევსკი (პოლონეთი), ანდრეას ფლურაკისი (საბერძნეთი), ბერნჰარდ შლინკი (გერმანია), ტარა მაკდაუელი (ავსტრალია), ნილუფარ თალები (აშშ / ავსტრალია).
9 სექტემბერს ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა უკრაინელ პოეტთან ანდრი ლიუბკასთან გაიმართება.
ფესტივალი ამით გარკვეულწილად ეხმიანება რუსეთის ომს უკრაინაში, რომელსაც არა აქვს მკვეთრი გეოგრაფიული საზღვარი და უკვე თითქმის მთელ მსოფლიოს მოიცავს.
გვსურს, მხნეობა, გამძლეობა და გამარჯვება ვუსურვოთ უკრაინელ ხალხს.
პირველ საფესტივალო დღეს დაასრულებს პოეტური ღამე „შინ“, ყველა სტუმრის მონაწილეობით; კვირეულის განმავლობაში დაგეგმილი ორი დისკუსია დაეთმობა ლიტერატურაში მეხსიერების თემას, თუ როგორ აცოცხლებს მხატვრული თუ დოკუმენტური ტექსტი წარსულს და როგორ ხდება მასზე რეფლექსირება; გერმანელ ავტორთან ბერნჰარდ შლინკთან შეხვედრის თემაც სწორედ ისტორიასა და მასზე თხრობას ეხმიანება; ფესტივალის ყველა დღე მოიცავს პოეტურ საღამოებსა და შეხვედრებს ცალკეულ ავტორებთან; ტრადიცულიად წელსაც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ერთი მემორიალური საღამო, რომელიც გამორჩეული ამერიკელი პოეტის, რობერტ დანქენის ცხოვრებასა და პოეზიას მიეძღვნება. ფესტივალი დასრულდება თანამედროვე ქართული პოეზიის მარათონით - მულტილოკაციური კითხვით მწერალთა სახლის სხვადასხვა სივრცეში.
თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია, შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, Prohelvetia, პოეზიის პლატფორმა Versopolis, ორგანიზაცია Literature Ireland, გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემია, ორგანიზაცია Latvian Literature, სლოვაკეთის ხელოვნების საბჭო.