გრეტა ამბრაზაიტე (დაბ. 1993) ლიეტუველი პოეტი, რედაქტორი, მთარგმნელი და გამომცემლობა "Bazilisko ambasada"-ს თანადამაარსებელია. სწავლობდა ფილოლოგიას და მიღებული აქვს ლიტერატურის ანთროპოლოგიის და კულტურის მაგისტრის ხარისხი ვილნიუსის უნივერსიტეტიდან.
ამბრაზაიტეს სადებიუტო პოეტური კრებული „მყიფე საგნები“(„Trapūs daiktai“, 2018) ავტორისთვის წარმატებული აღმოჩნდა. წიგნმა კრიტიკოსების და მკითხველის მოწონება დაიმსახურა, "ახალგაზრდა იოტვინგიანის" ჯილდო და 2018 წლის საუკეთესო პოეტური კრებულის წოდება მიიღო. გრეტას ასევე გადაეცა ლიეტუვის კულტურის სამინისტროს ახალგაზრდა არტისტის პრემია.
მისი ლექსები 12 ენაზეა თარგმნილი. თავად ლიეტუვურ ენაზე თარგმნის ხორხე ლუის ბორხესის, ხულიო კორტასარის, ალეხანდრა პიზარნიკის და სხვათა პოეზიას. დომინიკას ნორკუნასთან ერთად თარგმნა და გამოსცა ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია „ექო“ („Aidintys“). წიგნი ლიეტუვაში 2021 წელს გამოიცა.
2019 წელს გამოვიდა მისი ელექტრონული მუსიკალური ციფრული ალბომი “სისხლის თაგვი“ („kraujo pelytė“). გრეტას მეორე პოეტური კრებული ADELA 2022 წელს გამოიცა.
ფორტეპიანო
ჩემი თავი მეტისმეტად დიდი არის თქვენი კარისთვის,
ჩემი თავი - უსასრულო ცდაა, ჩემი სახლი ვიპოვო,
სუყველაფერს დავთმობდი, ოღონდ მქონდეს მყუდრო სამზარეულო,
არც მჭირდება ყველაფერი, გადავყრიდი უთვალავ რამეს,
ჩემი თავი მეტისმეტად დიდი არის თქვენი კარისთვის,
ჩემი თავი კარის ზღურბლზე ფიანდაზთან დევს
და ეს ამბავი ყოველ ჯერზე ერთნაირად მთავრდება ხოლმე,
ჩემი თავი არის მძიმე ფორტეპიანო,
გვერდზე ჩავლისას უნებურად რაღაცას რომ დაუკრავთ და
მერე ინსტრუმენტს თავღიას ტოვებთ.
ლიეტუვურიდან თარგმნა ნანა დევიძემ