ქშიშტოფ ჩიჟევსკის (დაბ. 1958) - მწერალს, პოეტს, რეჟისორს - თანამედროვე პოლონური კულტურის სფეროში გამორჩეული ადგილი უჭირავს, ის თავს იდეების პრაქტიკოსს უწოდებს. 1978-83 წლებში ჩიჟევსკი ავანგარდული თეატრალური გაერთიანება „გარჯენიცეს“ თანადამაარსებელი და მსახიობი იყო. ამ წლებში მისი ინტერესის საგნად მსოფლიოს ის არეალები იქცა, სადაც ტრადიციული კულტურა ჯერაც ცოცხალი იყო. „სოლიდარობის“ წლებში დისიდენტურ მოძრაობაში ჩაერთო და თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ჟურნალი „Czas Kultury” („კულტურის დრო“), რომელსაც 80-იანი წლების ბოლომდე რედაქტორობდა, ასწავლიდა კულტურის ისტორიას, აგრძელებდა თეატრის სფეროში მუშაობას.
1990 წელს პოლონეთის, ლიეტუვის და ბელარუსის საზღვართან, ქ. სეინიში/კრასნოგრუდაში, ჩესლავ მილოშის მამულში, დააარსა ფონდი და დიალოგის ცენტრი „Pogranicze”/ „საზღვარეთი“, რომელიც დღემდე აგრძელებს ისტორიის ძალთა მიერ დაშორებული ხალხების დაახლოებაზე მუშაობას. ფონდს აქვს საკუთარი თეატრი, ორკესტრი, შემოქმედებითი სახელოსნოები. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღეებიდან იფარებს და სიტყვას აძლევს უკრაინელ მწერლებს და პოეტებს. კოორდინირებას უწევს ხალხთა და კულტურათა დიალოგს მსოფლიოს არაერთ, მათ შორის - კავკასიის რეგიონში. ამ საკითხებისადმი მიძღვნილი მისი ათამდე წიგნი მრავალ ენაზეა თარგმნილი, მიღებული აქვს ოცზე მეტი პრემია ავსტრალიაში, იტალიაში, ისრაელში, გერმანიაში, პოლონეთში და სხვ.
მისი უკანასკნელი წიგნი „ქსენოპოლისისაკენ მიმართული ხედვა“ წელს გამოიცა. უკრაინის ომისადმი მიძღვნილი მისი ლექსი „კლოუნის ცრემლი“ მსოფლიოს ათობით ენაზეა უკვე თარგმნილი.
ნაწყვეტი წიგნიდან ,,სამყაროს პატარა ცენტრი“
სამყაროს პატარა ცენტრს არ სურს ერთადერთი იყოს, მას თავისი თავი სხვებთან მოთანაარსე ნაწილაკად წარმოუდგენია. მათი ძალა მისი ძალაცაა, იგი სხვათა სისუსტით არ იკვებება, საკუთარი განვითარებისთვის გარემომცველებზე ბატონობა არ სჭირდება. მას არ აქვს ექსკლუზიურობის გამორჩეულობის ან რაიმეში მოწინავეობის პრეტენზია - გარდა დიალოგისა, თანა-გრძნობისა და თანა-პასუხისმგებლობისა.
ხელოვნება რომელსაც განსაკუთრებით უფრთხილდებიან სამყაროს პატარა ცენტრში - ძღვნის მიღების ხელოვნებაა. ეს ხელოვნება იმას გვახსენებს რომ თვითკმარნი არ ვართ, რომ ცხოვრება ურთიერთობაა რომელიც ძღვნის გაცემის ვალდებულებაზეა დაფუძნებული. სამყარო ძღვენთა მონიჭების მეშვეობით მოგვმართავს. შეგვიძლია ისინი არ მივიღოთ, არ გავცეთ ან იმ მიზნების საწინააღმდეგოდ გამოვიყენოთ რა მიზნებიც მათ გაღებაში იყო ჩადებული. ამან ჩვენ შეიძლება დამოუკიდებლობისა და კონტროლის განცდა მოგვანიჭოს თუმცა ეს მთლად ასე არაა. სამყაროს პატარა ცენტრი „სამყაროს ჭიპი“ არ არის, იგი ერთდრ1ოულად ურთიერთდამოკიდებულიცაა და თავისუფალიც რაც თანაარსებობის პასუხისმგებლობას ახლავს თან. სამყაროს პატარა ცენტრი იმ დოზით არსებობს რა დოზითაც ადამიანებს ძალუძთ მასში საჩუქრების მიძღვნა.
პოლონურიდან თარგმნა დავით კანდრევიჩმა