ტარა მაკდაუელი (ავსტრალია)

ტარა მაკდაუელი მონაშის უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) ასოცირებული პროფესორი და კურატორული პრაქტიკის დირექტორია. მუშაობდა კურატორად CCA-ის (კალიფორნიის ხელოვნების კოლეჯი) უოტისის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში, სან ფრანცისკოს და მასაჩუსეტსის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში. 

მის საკვლევ ინტერესებს შორის არის თანამედროვე ხელოვნება, საგამოფენო ისტორია, სახელოვნებო ინსტიტუციები, ფემინისტური და ქვიარ სივრცეები და ხელოვნების მხარდამჭერი სხვადასხვა სტრუქტურები.

მაკდაუელს აქვს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ხელოვნების ისტორიაში. მის ბოლო წლებში გამოცემულ წიგნებს შორის არის „არტისტი, როგორც...“ (2018) და „სახლის მცველები: რობერტ დანქენი და ჯესი“ (2019). წიგნს მიღებული აქვს 2018 წლის CAA მილარდ მაისის საგამომცემლო ფონდის პრემია; 2020 წელს იყო ჩარლზ სი ელრიჯის ჯილდოს ნომინანტი ამერიკული ხელოვნების დარგში. წიგნს ეროვნულ და საერთაშორისო პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასზე წერდნენ ისეთი ჟურნალები, როგორიცაა Bookforum, The Gay & Lesbian Review და The New York Review of Books.

 

ნაწყვეტი წიგნიდან „სახლის მცველები: რობერტ დანქენი და ჯესი“

ამ კვლევაში ჯესის და დანქენის გაერთიანება შესაძლებლობას გვაძლევს, აღვადგინოთ მათი ცხოვრება იმის მეშვეობით, რითაც გარემოცულია პოეტის, არტისტის, ან ნებისმიერი შემოქმედის ცხოვრება. ვგულისხმობ მათ შინაურ ფიზიკურ გარემოცვას, ყოველდღიურობის რიტმს და მათთვის ძვირფას ადამიანებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერს, რაც შემოქმედებითი კონცენტრაციის ყურადღების მიღმა რჩება. ჯესის და დანქენის შემოქმედება მათ სახლთან ერთად თანაარსებობდა, რაც შეუძლებელს ხდის მისგან შინაური გარემოს განცალკევებას. ასეთია მათი პოლიტიკა და ეთიკა. წიგნი ყურადღებას ამახვილებს ისეთ დეტალებზე, რომლებშიც ჯესის და დანქენის ერთობა განსაკუთრებით იგრძნობა: მათ სახლზე, მათი თანამშრომლობის უშედეგო ექსპერიმენტზე, მათ დაუმთავრებელ ნამუშევრებზე და მითებზე. წიგნი მიმოიხილავს მათი შინაური ცხოვრების კულტურას, ქვიარ ნიშნით ერთიანობას, და ასევე ცდილობს, დაარწმუნოს მკითხველი მათი შემოქმედების, - ჯესის სურათებისა და დანქენის სიტყვების, - ძალაში, იმაში, რომ ისინი მეტ ყურადღებას და დაფასებას იმსახურებენ გარკვეულწილად სწორედ ამ განსხვავებულობის გამო.