ჯონ ოდონელი (ირლანდია)

ჯონ ო’დონელი დაიბადა 1960 წელს. გამოქვეყნებული აქვს 5 პოეტური კრებული, მათ შორის,  „მზის შუქი: ახალი და რჩეული ლექსები“ (დედალუს პრესი, 2018). მიღებული აქვს ჰენესის ჯილდო პოეზიაში, ირლანდიის ფონდების ჯილდო და სიქეთის ეროვნული პოეტური პრემია. ფართოდ არის ცნობილი მისი პროზაული ნაწარმოებები. 2013 წელს მიიღო ჰენესის ჯილდო ბელეტრისტიკაში, ხოლო 2020 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობების აღიარებული სადებიუტო კრებული „თითქმის იგივე ლურჯი“. ცხოვრობს და მოღვაწეობს დუბლინში უფროსი იურისტკონსულტის თანამდებობაზე. არის მრავალი ინსტიტუტის, მათ შორის, ირლანდიის პოეზიის საბჭოსა და ხელოვნების საბჭოს მმართველობის წევრი. 

 

ზღვის მოქცევა

 

დილით ახალი ზვარაკი დაგვხვდა 

სანაპიროს საკურთხეველზე: 

მამალი სელაპი, მიტოვებული

წინაღამის ბრძოლების შემდეგ,  სარდიონისფერ

ჭრილობებში, პირშეუკრავში. დანარჩენები 

წყლიდან უმზერენ. ულვაშიანი, პრიალა თავები 

ჩაყვინთავენ, ამოყვინთავენ; გარს უვლიან,

ახლოს მიდიან დასაჯერებლად, 

რომ აღარ იძვრის, გაქვავებულა

მისი ერთ დროს მბზინავი ხორცი.

 

როცა კვდება, მიდიან და ტოვებენ იმას, 

რაც მისგან დარჩა; ქრება ოცნება მზით განათებულ 

ოკეანეზე, ქაშაყთა გუნდზე. ამიერიდან 

მის მაგივრად ჩვენ ვიოცნებებთ. შავებს ვიცვამთ,

ვემზადებით სიმღერებისთვის, მაგრამ ვტირით,  

რადგან არ ვაძლევთ არასოდეს მკვდრებს წასვლის ნებას,

ვერ ვიტანთ ფიქრს იმაზე, რომ სულ ესაა, რაც კი მოგვეცა:

რომ ასეთია ეს ფურფუშაქაფიანი სანაპირო, ცარიელი ხვალ რომ 

დაგვხვდება; რომ ასეთია ეს ზღვა, რომელსაც თითქმის ვერ ვხედავთ 

იმ დერეფნის ფანჯრიდან, სადაც შევიკრიბეთ და მიქცევას ველით. 

 

ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა