ჯესიკა ტრეინორი დაიბადა დუბლინში, 1984 წელს. გამომცემლობა „დედალუს პრესმა“ მისი ლექსების ორი კრებული გამოსცა: „ლიფიში ცურვა“ (2014), რომელიც „Strong/Shine Award“-ის მოკლე სიაში მოხვდა და „სწრაფი“ (2018). 2011 წელს მოიპოვა „Listowel Poetry“-ს პრიზი, ხოლო 2013 წელს „Hennessy New Irish Writer“-ის მიერ დასახელდა წლის მწერლად. 2014 წელს ჯესიკა „Ireland Chair of Poetry Bursary“-ს სტიპენდიანტი გახდა. მისი ახალი ნამუშევარი დაფინანსებულია „ხელოვნების საბჭოს“, „პოეტრი აირლენდისა“ და გამომცემლობა „სალვეჯ პრესის“ მიერ. მას უმუშავია ლიტერატურის მენეჯერად „Abbey Theatre“-ში და მუზეუმის დირექტორის მოადგილედ ირლანდიის საემიგრაციო მუზეუმში.
არტეინელი ბიჭების ბენდი
მა ტურნიკეტზე მკიდებდა ხოლმე,
დუბლინურ მატჩებს რომ არ მომწყდარიყო. მე მახსოვს
ხედი, მოქანავე ჩემი ფეხების.
თამაშს თითქმის ვერ ვნახულობდი.
მხოლოდ კაცების სუნი შემომრჩა,
პალტოები წვიმითა და ლუდით უყარდათ,
წელზევით მაღლა აზიდული
ბრბოს დავყურებდი, მოედანი ვრცელდებოდა
მწვანედ და ფართო თვალსაწიერზე.
და ყოველი ტაიმის შემდეგ
ბენდი უკრავდა მოედანზე, მათი მუსიკის ხმა მატულობდა
და იკლებდა ზღვის მცენარეთა სიმყრალესთან
ერთად, ყურედან რომ იჭრებოდა.
ეს ბიჭები, მა მეტყოდა,
და თითის ქნევით მაფრთხილებდა,
რომ ეს ბიჭები, გაჩხინკულები
მუსიკას ქმნიდნენ, რადგან იყვნენ კრიმინალები,
რომ დრამის თეფშის ყოველი ხმა კივილია აღსარებისა,
და თავს მათ გვერდით წარმოვიდგენდი
იმ წვიმიან კოლიზეუმში, სადაც მა იყო იმპერატორი,
ცერა თითს რომ დაბლა იშვერდა,
და თავს უქნევდა თავისი ვაჟის დაკარგვის გამო
იმ კრიმინალთა დაჯგუფებას:
მამაც ბიჭებს არტეინული ერთი ბენდიდან.
ინგლისურიდან თარგმნა ზაზა კოშკაძემ